მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტის თავმჯდომარე დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ახალ ვერსიას ვენეციის კომისიას უგზავნის

64390865c2cec
შოთა ტყეშელაშვილი
14.04.23 12:06
576
პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტის განახლებული ვერსია შეფასებისთვის ვენეციის კომისიას გაუგზავნა.

გასულ კვირაში პარლამენტის იურიდიულ საკიხთა კომიტეტმა "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტის განახლებული ვერსია განიხილა. კანონპროექტში შესული ცვლილებით, ოლიგარქის სტატუსს პირებს მთავრობის დაქვემდებარების ქვეშ არსებული ანტიკურუფციული სააგენტო მიანიჭებს. 

ვენეციის კომისიის მიერ წარდგენილი შენიშვნა შეეხებოდა მიკერძოების ალბათობას, იმის შესახებ რომ სახელმწიფოს შესაძლოა კონკრეტული პირისთვის ოლიგარქის სტატუსი სელექციური პრინციპით მიენიჭებინა და მისთვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა შეეზღუდა. 

პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაგზავნილი წერილი ვენციის კომისიას:

"გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონი მეორე მოსმენით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ განიხილა.

ასევე, გწერთ, რომ გთხოვოთ ვენეციის კომისიის დაჩქარებული მოსაზრება აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც თან ერთვის ამ წერილს.

მოთხოვნილი დასკვნის აქტუალობა დაკავშირებულია ამ კანონის, როგორც ევროკავშირის 12 რეკომენდაციის მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულებასთან, რაც საქართველოს ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. დაჩქარებული მოსაზრების საჭიროება, ასევე, გამომდინარეობს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის მჭიდრო განრიგიდან, რომელიც ივნისში დასრულდება.

აქედან გამომდინარე, ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემი თხოვნაა, შეიმუშავოთ დაჩქარებული მოსაზრება ზემოაღნიშნული კანონპროექტის თაობაზე,"- ნათქვამია წერილში. 

„ვენეციის კომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ პირის ოლიგარქად მიჩნევის პროცესი პოლიტიზირებული არ უნდა იყოს და მაქსიმალურად უნდა მოხდეს ამ პროცედურის პოლიტიკისაგან დაცვლა. გავითვალისწინეთ და გთავაზობთ, რომ პირის ოლიგარქად ცნობის უფლებამოსილება საქართველოს მთავრობიდან ანტიკორუფციულ ბიუროს გადაეცეს, რომელიც შექმნილია 12- პუნქტიანი გეგმის ფარგლებში. შესაბამისად, ეს საკითხი სრულად დეპოლიტიზირებული იქნება", - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გასულ კვირაში გამართულ მოსმენაზე.

კანონპროექტის მიხედვით, პირი ოლიგარქის სტატუსს მიიღებს თუკი შემდეგი კრიტერიუმებიდან, სამს მაინც აკმაყოფილებს:

1. ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე 3 მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს, ამ კანონის მიზნებისთვის მიიჩნევა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად (ოლიგარქად):

ა) ის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს;
ბ) ის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს;
გ) ის არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია, და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს;
დ) მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით 1000,000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს. (საარსებო მინიმუმი დღეს 256 ლარი. 256 X 1,000,000 = 256,000,000 ლარი)

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული აქტივების ღირებულება გამოითვლება იმ პირისა და იმ მეწარმე სუბიექტების აქტივების საერთო ღირებულებით, სადაც ის ბენეფიციარია. ის აქტივები, რომელთაც პირი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ფლობს, ზემოაღნიშნული აქტივების ღირებულების გამოთვლისას მხედველობაში არ მიიღება.

რა შედეგები დგება პირის ოლიგარქად გამოცხადების შემთხვევაში?

კანონპროექტით საქართველოს პარლამენტს ენიჭება პირის ოლიგარქად ცნობისა და შესაბამის რეესტრში შეყვანის, ოლიგარქის რეესტრიდან ამორიცხვისა და აღნიშნული რეესტრის წარმოების უფლებამოსილება. ამ უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო ხარჯები დაიფარება საქართველოს პარლამენტის საქმიანობისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებებიდან.

კანონპროექტის თანახმად, ოლიგარქად ცნობილ პირს, რომლის შესახებ მონაცემებიც შესაბამის რეესტრში შეიტანება, ეზღუდება გარკვეული ფინანსური აქტივობები; კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, პირს, რომელსაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონა აქვს (ოლიგარქი) და შეყვანილია შესაბამის რეესტრში, "ეკრძალება: ა) „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისადპოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად თავისი სახსრებიდან შემოწირულებების გაღება, სამუშაოს შესრულება, საქონლის, მომსახურების ან ნაღდი ფულის მიწოდება, დაკავშირებული პირების მეშვეობით ან/და ისეთი იურიდიული პირების მეშვეობით, სადაც ის საბოლოო ბენეფიციარია, სამუშაოს შესრულება, საქონლის ან მომსახურების მიწოდება; აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისადკანდიდატების საარჩევნო ფონდში (გარდა თავისი საარჩევნო ფონდისა) შემოწირულებების გაღება და საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას პოლიტიკური პარტიების დაფინანსება; ბ) ფართომასშტაბიანი ობიექტების პრივატიზაციის პროცესში იყოს მყიდველი (მყიდველის ბენეფიციარი); გ) ნებისმიერი პოლიტიკური კამპანიის დაფინანსება, პოლიტიკური მოთხოვნების მქონე შეკრებების ან დემონსტრაციების გამართვა. აქედან გამომდინარე, კანონპროექტი სათანადო გავლენას იქონიებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად (ოლიგარქად) ცნობილი პირის ფინანსურ აქტივობებსა და ამ აქტივობებით მოსარგებლე პირთა, მათ შორის, შესაბამის პოლიტიკურ პარტიათა, შემოსავლებზე. კანონპროექტის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კონტაქტების დეკლარაციის წარდგენის ვალდებულების დარღვევა პირისთვის პოლიტიკური ან/და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია; რეესტრში შეყვანილი პირის/მისი წარმომადგენლის მიერ შეტყობინების ვალდებულების დარღვევა არ ათავისუფლებს საჯარო მოსამსახურეს კონტაქტების დეკლარაციის წარუდგენლობის გამო მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისაგან. აქედან გამომდინარე, კანონპროექტის ამ ნორმამ შესაძლოა გავლენა იქონიოს მოცემულპირთა შემოსავლებზე, რაც აღნიშნული პასუხისმგებლობის დაკისრების ფორმებსა და ფარგლებზე იქნება დამოკიდებული,"- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები