პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის ვალდებულებაა, რომ ინფლაციის პროცესი მართოს.
თალაკვაძე ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ინტერვენციას დადებითად აფასებს.
„ქვეყნის ეკონომიკა ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა და ვალუტის კურსი ეს ის თემაა, რომელსაც ყველა პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ხელისუფლება და ჩვენ როგორც ხელისუფლებას პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ ვმართოთ ეს საკითხები. ამავე დროს, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ ოპოზიციასაც მეტი პასუხისმგებლობა მართებს; საბოლოო ჯამში, დავინახეთ, რომ არაერთი მოქმედება სამწუხაროდ, ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა და საქართველოსადმი მტრულად განწყობილმა ძალებმა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენეს.
სამწუხაროდ, ამანაც მიაყენა ზიანი ეკონომიკას, რაც აისახა ვალუტაზეც, თუმცა ნახეთ, რომ ეროვნულმა ბანკმა ჩარევა განახორციელა, ვინაიდან მისი ვალდებულებაა, რომ ინფლაციის პროცესი მართოს. იმედი მაქვს, რომ ის ჩარევა, რაც მოხდა და რაც შესაძლოა, ეროვნულ ბანკს მომავალშიც აქვს დაგეგმილი, მაქსიმალურად შეძლებს, რომ ლარის ეს კურსი ინფლაციაზე არ აისახოს. რაც შეეხება ეკონომიკურ მიმართულებებს, ამ მიმართულებით სახელმწიფოს ძალიან პოზიტიური გეგმები აქვს. ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ, რომ ეს აუცილებლად გადავლახოთ", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

























