მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის სამართლებრივი მექანიზმებით შეფერხება შესაძლებელია - ვახუშტი მენაბდე

ვახუშტი მენაბდე

პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის სამართლებრივი მექანიზმებით შეფერხება შესაძლებელია - აღნიშნავს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე Facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში და აცხადებს, რომ ამ ვითარებაში პროცედურული ბრძოლის ყველა მეთოდია გამოსაყენებელი.

კონსტიტუციონალისტი წერს, რომ პროცედურული ბრძოლისას 2 ნაბიჯია გადასადგმელი, რომლიდანაც პირველი არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან სამ დღეში პრეზიდენტს, 30 დეპუტატს და სახალხო დამცველს შეუძლიათ მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა მან არჩევნების კონსტიტუციურობა შეამოწმოს.

„ლაპარაკია შეფერხებაზე და არა კოლაფსზე. ჩვენ ვიცით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს იმედი არ უნდა გვქონდეს, თორემ ის მარტივად შეძლებდა არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობას. მაგრამ ამ ვითარებაში მინიმუმ ის მაინც შეიძლება, რომ პროცედურული ბრძოლის ყველა მეთოდი გამოვიყენოთ (თუ ასეთ ბრძოლას ვინმე აპირებს). და გამოვიყენოთ პრინციპული თვალსაზრისით სწორად, გრძელვადიან პერსპექტივაში კი დემოკრატიას თავად ჩვენვე არ შევუქმნათ საფრთხე.

როგორ?

I ნაბიჯი

ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან მაქსიმუმ 3 დღეში 30 დეპუტატს, პრეზიდენტს და სახალხო დამცველს შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვოს არჩევნების კონსტიტუციურობის შემოწმება.

რა უნდა გასაჩივრდეს სასამართლოში? ყველანი თვალს ადევნებდით საიას სარჩელს არჩევნების ფარულობასთან დაკავშირებით, რომელიც არ დააკმაყოფილეს სააპელაციო სასამართლოებმა. მოსარჩელეს შეუძლია თქვას, რომ საარჩევნო კანოnმდებლობის ის ნორმები და მათი განმარტება, რომელზე დაყრდნობითაც საერთო სასამართლოებმა უარყვეს საიას სარჩელი, ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დაცულ საარჩევნო უფლებას და მისი 5 კომპონენტიდან სულ ცოტა 2-ს (ფარულობა და ნების თავისუფალი გამოვლენა). მნიშვნელოვანია, რომ ის ნორმები, რასაც დაეყრდნო სასამართლო, ამავდროულად არის არჩევნების მომწესრიგებელი ნორმები, უფრო კონკრეტულად ელექტრონული ხმის მიცემისა და მისი ფარულობის უზრუნველმყოფი ნორმები.

შედეგად მოსარჩელემ უნდა მოითხოვოს:

  • ჩატარებული არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების ძალადაკარგულად ცნობა;
  • ჩატარებული არჩევნების შედეგების ელექტრონული ნაწილის ბათილად ცნობა, რადგან სადავო ნორმებმა და მისმა საერთო სასამართლოსეულმა განმარტებამ არსებითი და გადამწყვეტი გავლენა მოახდინა არჩევნებზე და მათი არარსებობის შემთხვევაში დადგებოდა არსებულისაგან განსხვავებული შედეგი (ანუ არჩევნები ბათილად იქნებოდა ცნობილი და ჩატარდებოდა ხელახალი არჩევნები).

II ნაბიჯი

პარლამენტის რეგლამენტით ახალარჩეული საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილების ცნობის პროცედურებია დადგენილი. პარლამენტის პირველ სხდომაზე იქმნება დროებითი სამანდატო კომისია, რომელიც ცესკოს მიერ გადაცემული დოკუმენტაციის საფუძველზე მოხსენებას წარუდგენს პარლამენტს, რაზე დაყრდნობითაც დგება იმ დეპუტატების სია, რომელთა უფლებამოსილებაც უნდა ცნოს უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ. სიაში არ შეიტანება ის, ვისი დეპუტატად არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო ან საერთო სასამართლოში. იმისთვის, რომ პარლამენტმა საკუთარი უფლებამოსილება ცნოს, საჭიროა ამ სიაში 100 პირი მაინც იყოს. თუ უფლებამოსილებაცნობილ დეპუტატთა რაოდენობა 100-ზე ნაკლებია, პლენარული სხდომა წყდება და ხელახლა მოიწვევა მას შემდეგ, რაც შესაძლებელი გახდება ამ რიცხვის შევსება.

  • ვადები და შეჯამება

ცესკო ვალდებულია არჩევნები შეაჯამოს კენჭისყრის დღიდან 26-ე დღეს. ეს თარიღი 21 ნოემბერს იწურება. პარლამენტი კი შეიკრიბება შედეგების გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში (თუ პრეზიდენტმა არ მოიწვია პარლამენტის სხდომა - ეს 1 დეკემბერია).

სარჩელი მაქსიმუმ 24 ნოემბერს შეიძლება შევიდეს. საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვის ვადა კი არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს.

სარჩელი რომც არ დაკმაყოფილდეს, პროცესმა დაახლოებით ერთი თვე შეიძლება მოიგოს, რადგან პარლამენტის შეკრების დროისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში წამოწყებული დავა, სავარაუდოდ, დასრულებული არ იქნება. პარლამენტის შეკრებისას სარჩელის შეტანიდან დაახლოებით ერთი კვირა იქნება გასული. ერთ კვირაში კი სასამართლო ვერ შეძლებს სარჩელის საქმის ჯერ დასაშვებობის, შემდეგ კი არსებითი განხილვასა და გადაწყვეტას. ამას რამდენიმე კვირა დასჭირდება.

სანამ საქმე საკონსტიტუციოში იქნება, პარლამენტი ვერ ცნობს საკუთარ უფლებამოსილებას. რეგლამენტის მიხედვით მას არავითარი დისკრეცია არ აქვს. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს არ შეუძლია ცნოს იმ დეპუტატების უფლებამოსილება, ვისი არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია სასამართლოში, ხოლო თუ მათი რაოდენობა 51-ზე მეტია, საკანონმდებლო ორგანო სრულ უფლებამოსილებას ვერ იძენს. ზემოთ აღწერილი სარჩელის შემთხვევაში კი 150-ვე დეპუტატის არჩევის კანონიერებაა გასაჩივრებული“, - წერს ვახუშტი მენაბდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები