მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პარლამენტმა ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტი
06.02.25 19:38
1065

დღეს, "ქართული ოცნების" პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მიიღო „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონპროექტი, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.

ცვლილებების თანახმად: იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები; ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს ემატება ახალი გარემოებები; ზუსტდება ვადა, რომლის გასვლის შემდეგ პირი ითვლება ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლად; ზუსტდება წვრილმანი ხულიგნობის ქმედების შემადგენლობა და სახდელთა ზომები; იცვლება ვანდალიზმთან დაკავშირებული სახდელთა ზომები; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით; ზუსტდება შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევისათვის ქმედების შემადგენლობები და იცვლება მათთვის განსაზღვრული სახდელთა ზომები.

ამასთანავე: განისაზღვრება სპონტანური შეკრება/მანიფესტაციის ცნება; რეგულირდება დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟის საკითხები; იკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება დახურულ სივრცეში/შენობაში, მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე; იკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო კვანძებისა და რკინიგზის ბლოკირება.

დღესვე, პარლამენტმა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტით, სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე (ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ან/და სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება) და 330-ე (სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება ტერორისტული მიზნით) მუხლებს ემატება შენიშვნა, რომლის თანახმადაც, ზემოხსენებული მუხლების მიზნებისათვის, სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

პარლამენტმა ასევე მესამე მოსმენით მიიღო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები