პარლამენტის 81-მა დეპუტატმა მეორე მოსმენით ე.წ. "ოჯახური ღირებულებების დაცვის" ლგბტქ+ თემის მიმართ დისკრიმინაციულ კანონპროექტს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი.
კანონპროექტის განხილვასა და კენჭისყრას არ დაესწრო ოპოზიციის დიდი ნაწილი.
საკითხი პარლამენტის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა წარადგინა და ცალკეული მუხლის შესახებ, პარლამენტის წევრების კითხვის პასუხად, განმარტებები გააკეთა. როგორც მომხსენებელმა განაცხადა, ოჯახის ცნება, მისი რეგულაციები სხვა ქვეყნების კონსტიტუციებშიც არის ასახული და ის არ განიხილება როგორც მხოლოდ რელიგიური კატეგორია.
საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი სახელწოდებით - “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, დანარჩენი 18 კი, მისგან გამომდინარე პროექტია.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს დღეს გაკეთებული განცხადებით, ევროკავშირი გმობს „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით ნაჩქარევად მიღებას.