საქართველოს პარლამენტმა მსუბუქი ავტომობილების განბაჟების ტარიფებთან დაკავშირებით ფრაქცია „საქართველოსთვის“ მიერ მომზადებული ალტერნატიული საკანონმდებლო წინადადება ჩააგდო. ამის ნაცვლად, დეპუტატებმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირეს „ქართული ოცნების“ ინიციატივას, რომელიც აქციზის განაკვეთის ზრდას ითვალისწინებს.
რა ეწერა ოპოზიციის პროექტში?
ოპოზიციური ფრაქციის ალტერნატიული პროექტი ითვალისწინებდა:
- 0-დან 10 წლამდე ასაკის ავტომობილებისთვის მოქმედი სააქციზო განაკვეთის უცვლელად შენარჩუნებას;
- 10 წელზე უფროსი ასაკის ტრანსპორტისთვის ტარიფის 4.5 ლარამდე გაზრდას.
კენჭისყრისას პროექტს მხარი 17-მა დეპუტატმა დაუჭირა, 17 კი წინააღმდეგი წავიდა, რის გამოც ინიციატივა ჩავარდა.
რა შეიცვლება „ქართული ოცნების“ პროექტით?
ოპოზიციის წინადადების ჩაგდების შემდეგ, პარლამენტმა მეორე მოსმენით „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული პროექტი განიხილა და 72 ხმით დაამტკიცა.
ახალი ცვლილებებით, რომელიც „საგადასახადო კოდექსში“ შედის, აქციზის განაკვეთი შემდეგნაირად განისაზღვრება:
- 1 წლამდე ავტომობილებისთვის - მოქმედია 1 სმ³-ზე 1.5 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 0%;
- 1 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.5 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 0%;
- 2 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.5 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 0%;
- 3 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.4 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 7%;
- 4 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.2 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 25%;
- 5 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 50%;
- 6 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 0.8 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 88%;
- 6 წლის და მეტი ავტომობილები - მოქმედია 0.8 ლარი; იქნება 4.5 ლარი, მატება 560%.
კანონპროექტს მესამე მოსმენით დღესვე განიხილავენ და მას დაჩქარებული წესით დაამტკიცებენ.




























