პარლამენტმა ერთი მოსმენით, გამარტივებული წესით განიხილა და 80 ხმით ერთის წინააღმდეგ „საქართველოს საბაჟო კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა. ცვლილების თანახმად, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტს (Duty Free), რომელიც არ მდებარეობს ქვეყნის სასაზღვრო ზოლში, 2028 წლის 1 იანვრამდე საქმიანობის შესაძლებლობა გაუხანგრძლივდება.
მოქმედი კანონმდებლობით, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტმა, რომელიც არ მდებარეობს სასაზღვრო ზოლში, საქმიანობა შეუძლია 2026 წლის 1 იანვრამდე განახორციელოს.
„მსგავსი თავისუფალი ვაჭრობის პუნქტები ფუნქციონირებდა თბილისსა და ბათუმში, თუმცა დღეის მდგომარეობით მოქმედია მხოლოდ თბილისის პუნქტი. შესაბამისად, იმისათვის, რომ აღნიშნულ პუნქტს შეუნარჩუნდეს შესაძლებლობა საქონლის რეალიზების განხორციელებაზე უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებზე (ასევე, მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრებზე), მიზანშეწონილია აღნიშნული ვადის 2028 წლის 1 იანვრამდე გაგრძელება", - აღნიშნა კანონპროექტის ავტორმა ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა.
ამჟამად აღნიშნული სტატუსით ოპერირებს მხოლოდ ერთი მაღაზია, თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე 74ბ-ში მდებარე სუპერმარკეტი "დიპლომატი", რომლის ოპერირებასაც Duty Free Alliance-ი ახდენს. კომპანიის ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2024 წელს გაყიდვები 2.6 მილიონ ლარს შეადგენდა (ზრდა 0.4 მლნ ლარი). აღნიშნული მაღაზია 2011 წლიდან ოპერირებს.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ბარვენაშვილი, ლევან მაჭავარიანი, ირაკლი მეზურნიშვილი, ანტონ ობოლაშვილი, მარიამ ლაშხი და შოთა ბერეკაშვილი.




























