მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პარლამენტმა ეკონომიკური დეკრიმინალიზაციის კანონთა პაკეტი მიიღო

59574f3fa57b5
BM.GE
01.07.17 11:25
1372
საქართველოს პარლამენტმა მიიღო ინიცირებული ცვლილებათა პაკეტი საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში, რომლებიც ითვალისწინებს ცალკეული სახეობის ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას. გარდა ამისა, საგადასახადო კოდექსში დაზუსტდა არაერთი ნორმა, რომელიც ორაზროვანი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა.

კერძოდ, პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, გადასახადის შემცირებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის დადგენილი თანხის ოდენობა 50,000 ლარიდან 100,000 ლარამდე გაიზარდა. ამასთან, გადასახადი განსაკუთრებით დიდ ოდენობად ჩაითვლება, თუ თანხა დღეს არსებული 100,000 ლარის ნაცვლად, 150,000 ლარს აღემატება.

ცვლილებით ასევე გაუქმდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ქმედებებისთვის, რომლებიც თავისი შინაარსით საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს, როგორიცაა სასაქონლო ზედნადებთან და არააქციზური საქონლის მარკირების დაკავშირებული დარღვევები. კერძოდ, სისხლის სამართლის დანაშაულად აღარ ჩაითვლება: სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარი - თუ საქონლის ღირებულების თანხა აღემატება 10 000 ლარს; სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების ნიშნის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა - თუ არააქციზური საქონლის ღირებულება აღემატება 2000 ლარს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები