მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონზე ვეტო შესაძლოა, არ დაძლიოს

63ff066dd3742
ინგა მურუსიძე
01.03.23 12:41
966

საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონს ვეტო დაადო. საქმე ეხება პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღებას - ცვლილებას, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებულად მიიღო. სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნები უკვე დარეგისტრისტრირდა ბიუროზე. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კანონის ამ ფორმით აღსრულება გამოიწვევს ეროვნული ბანკის საქმიანობაში უხეშ ჩარევას. პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, რომ კანონპროექტში მე-2 პუნქტი ასე ჩამოყალიბდეს: „2. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, ასრულებს ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი“.

რას გეგმავს საპარლამენტო უმრავლესობა, დაძლევს თუ არა ვეტოს, ამ საკითხზე კომენტარები გააკეთეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა:

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დაინიშნება, შეიძლება კანონმდებლებმა შენიშვნების გაზიარებაზე იფიქრონ.

„ვეტოსთან დაკავშირებით დაველოდებით მოვლენების განვითარებას. ამ კანონის მიღების მიზეზი იყო, რომ ჩნდებოდა გარკვეული ვაკუუმი იმის გამო, რომ უფლებამოსილების ვადა ეწურება ეროვნული ბანკის მოქმედ პრეზიდენტს. ამ ვაკუუმის შესავსებად იქნა მიღებული ეს კანონი. ვნახოთ, თუ ვაკუუმი არ იარსებებს, შეიძლება აღარც მივუბრუნდეთ ამ კანონის მიღებას, მთავარია მანამდე აღმოიფხვრას ფაქტობრივი სირთულე, რაც შეიძლება შეიქმნას. თუ ამ პერიოდის განმავლობაში დაინიშნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ შენიშვნების გაზიარებაზე. ჩვენ ვადები არ გვაქვს დადგენილი, ამ ეტაპზე ველოდებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნას“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება კანონის ავტორს, პაატა კვიჟინაძე აცხადებს, რომ კარგი პროცესები დაიწყო, რაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესარჩევ კონკურსს ეხება: "კარგი პროცესები დაიწყო, პრეზიდენტიც ჩაერთო და საბჭოს წევრებიც. პრეზიდენტი შესარჩევ ნაბიჯებს დგამს. ცოტა ხნით პაუზას ავიღებთ".
 
კითხვაზე, დადგება თუ არა დღის წესრიგში ვეტოს დაძლევა, კვიჟინაძე პასუხობს, რომ „დაველოდოთ“.

„ცვლილებები ყველა ვარიანტში მისაღებია. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ორგანოს, რომელშიც ეს საკითხი გაწერილი არ არის. არავინ არ დავობს, პრეზიდენტიც დაგვეთანხმა და პარლამენტშიც არავის უთქვამს, რატომ იღებთ ამ კანონსო. ჩვენ ვთვლიდით, რომ უნდა არსებობდეს პირველი მოადგილე, რადგან ასეა ყველგან, პარლამენტშიც და სახალხო დამცველის აპარატშიც. დიდი სხვაობა არ არის, ჩვენგან აქვს აღებული კანონი. ჩვენ გაწერილი გვაქვს ორი პუნქტი, თუ არ არის პრეზიდენტი, მის მოვალეობას ასრულებს პირველი ვიცე-პრეზიდენტი და თუ არ არის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, მოვალეობას საბჭოს დავალებით ასრულებს რომელიმე ვიცე-პრეზიდენტი. ქალბატონმა სალომემ ამოიღო ჩვენი პუნქტიდან პირველი და დატოვა, რომ საბჭო ავალებს ვიცე-პრეზიდენტს მოვალეობის შესრულებას. განსაკუთრებული სხვაობა არ არის“, - თქვა პაატა კვიჟინაძემ.

რაც შეეხება IMF-ის შენიშვნებს, დეპუტატი ამბობს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთავარი შენიშვნა მხოლოდ დაჩქარებულად მიღებას ეხებოდა.

ინფორმაციისთვის, 3 მარტიდან კობა გვენეტაძეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა ეწურება.

სებ-ის საბჭოს წევრობის მსურველებს CV-ების წარდგენა 15 მარტამდე შეუძლიათ - პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები