მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პარლამენტმა გრანტების შესახებ კანონში ცვლილება არ უნდა მიიღოს - ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი

მაიკლ ო'ფლაერთი

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო’ფლაერტიმ, საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. მისი შეფასებით, დაგეგმილი ცვლილებები, მიღების შემთხვევაში, მნიშვნელოვნად შეზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობას და არ შეესაბამება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს გაერთიანების თავისუფლების დაცვის მიმართულებით.

სტრასბურგში, 2026 წლის 2 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში, კომისარი განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას „გრანტების შესახებ“ კანონში შემოთავაზებულ ცვლილებებზე, რომლის შესახებაც 28 იანვარს გახდა ცნობილი. ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი „გრანტის“ სამართლებრივი დეფინიციის გაფართოებაა.

კანონპროექტის მიხედვით, გრანტად ჩაითვლება ნებისმიერი ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული რესურსი, რომელიც უცხო სახელმწიფოს, მისი მოქალაქის ან იურიდიული პირის მიერ გადაეცემა საქართველოს მოქალაქეს, ბინადრობის უფლების მქონე პირს ან იურიდიულ პირს და რომელიც „შეიძლება გამოყენებულ იქნეს“ ხელისუფლებაზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე გავლენის მოხდენის მიზნით. დეფინიცია ასევე მოიცავს ტექნიკურ დახმარებას, ექსპერტიზის გაზიარებასა და უცხოური ორგანიზაციების მიერ საქართველოში საკუთარ ფილიალებზე ან წარმომადგენლობებზე გადაცემულ სახსრებს.

მაიკლ ო’ფლაერტის შეფასებით, ასეთი ფორმულირება ზედმეტად ფართო და ბუნდოვანია. მისი თქმით, არსებობს რეალური რისკი, რომ სამოქალაქო საზოგადოების ლეგიტიმური საქმიანობა სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მოექცეს, რაც საბოლოოდ ძირს უთხრის საზოგადოებრივ ადვოკატირებასა და დემოკრატიულ ცხოვრებაში მოქალაქეთა მონაწილეობას.

"შეშფოთებული ვარ შვიდ სხვადასხვა კანონში ინიციირებული ცვლილებების გამო, რომლებიც მიღების შემთხვევაში მნიშვნელოვან შეზღუდვებს სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. ეს შეთავაზებები არ შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო კანონით ნაკისრ ვალდებულებას, დაიცვას ასოცირების თავისუფლება. მივმართავ პარლამენტს, არ მიიღოს ეს ცვლილებები და მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაადასტუროს მხარდაჭერა სამოქალაქო სივრცისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის მიმართ", – ამბობს მაიკლ ო'ფლაერთი.

ცვლილებები ასევე აფართოებს 2025 წლის აპრილიდან მოქმედ მოთხოვნას უცხოური გრანტების წინასწარი სამთავრობო თანხმობის შესახებ. ახალი რედაქციით, ეს ვალდებულება გავრცელდება არა მხოლოდ საქართველოში მოქმედ ორგანიზაციებზე, არამედ საზღვარგარეთ დაფუძნებულ უცხოურ სუბიექტებსა და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების ადგილობრივ ოფისებზე, თუ მათი საქმიანობა საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება.

კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს. „გრანტების შესახებ“ კანონის დარღვევა ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება, ხოლო„საქართველოში პოლიტიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით ფულის გათეთრების“ შემთხვევაში სასჯელი 12 წლამდე იზრდება. კანონში ჩნდება ასევე „თვალთმაქცური გრანტის“ ცნება, რომელიც გულისხმობს გრანტის ბუნების მქონე სახსრების მიღებას მოჩვენებითი ან სხვა სამართლებრივი ფორმის გამოყენებით.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი აღნიშნავს, რომ ეს ცვლილებები აგრძელებს 2024 წლიდან მიღებული შემზღუდავი კანონებისა და რეგულაციების სერიას, რომლებმაც, მისი თქმით, სერიოზულად შეარყია სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირება საქართველოში. ო’ფლაერტის შეფასებით, აღნიშნული კანონები აჩენს კითხვებს კანონიერების, ლეგიტიმურობისა და პროპორციულობის კრიტერიუმებთან შესაბამისობაზე, ისევე როგორც დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპთან, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით არის გათვალისწინებული.

კომისარი პარლამენტარებს მოუწოდებს, დაიცვან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და სხვა საერთაშორისო დოკუმენტებით ნაკისრი ვალდებულებები. მისი თქმით, აქტიური და თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი საფუძველია, ხოლო გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვა და უფლებადამცველების მიმართ ზეწოლა ამ საფუძველს ასუსტებს.

ცვლილებების ავტორი და ინიციატორია ფრაქცია „ქართული ოცნება“. ხელისუფლების განმარტებით, ინიციატივის მიზანია ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა და უცხოური გავლენების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები