ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ პირველი მოსმენით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ წარადგინა, რაც ჩვეულებრივი წესით მოქალაქეობის მინიჭებისას 5 წლიანი ცხოვრების ცენზის 10 წლამდე გაზრდას გულისხმობს.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელსაც დიდი ხანია ვამზადებთ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით. ეს არის კანონპროექტი, რომელიც ეხება ყველას. მას აქვს განსაკუთრებული დატვირთვა, რადგან ეხება მოქალაქეობის კონსტიტუციური სტატუსის და უფლების მიღების და მინიჭების ახალ წესებს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენმა კონსტიტუციამ ახალი ცვლილებებით გააუქმა ის ჩანაწერი, რომლითაც იკრძალებოდა ორმაგი მოქალაქეობა“, -განაცხადა ეკა ბესელიამ.
კანონპროექტით იცვლება მოქალაქეობის მინიჭებისათვის საქართველოში მცხოვრები ცენზები. კერძოდ, ჩვეულებრივი წესით მოქალაქეობის მინიჭებისას 5 წლიანი ცხოვრების ცენზი იზრდება 10 წლამდე. გამარტივებული წესით მოქალაქეობის მინიჭებისას კი, 2 წლიანი ცხოვრების ცენზი იზრდება 5 წლამდე. ასევე, წარმოდგენილი ცვლილებით ზუსტდება რამდენიმე საკითხი. კერძოდ, არასრულწლოვანისთვის მოქალაქეობის შეცვლისათვის ორივე მშობლის თანხმობის საჭიროება. ზუსტდება, რომ სახელმწიფო ენის, სამართლისა და ისტორიის ცოდნის მოთხოვნები არ ვრცელდება იმგვარი ფიზიკური ნაკლის მქონე პირებზე, რომელიც შეუძლებელს ხდის მოთხოვნათა შემოწმებას. პირისთვის ადამიანის, სახელმწიფოს, საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მონაწილეობა მოქალაქეობაზე უარის თქმის საფუძველი იქნება მხოლოდ ნასამართლობის მოხსნამდე ან გაქარწყლებამდე.

























