მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით მიიღო

5b3e3bb8cc517
BM.GE
05.07.18 19:38
430
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტთან ერთად, მეორე მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს.

საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ნათია მიქელაძემ წარუდგინა. მისი განმარტებით, კანონპროექტის მიზანია ცვლილებების განხორციელება, რომელიც არსებულ გამოწვევებს უკეთ უპასუხებს და ქვეყნის უმთავრეს მიზანს - მოსახლეობის, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველყოფასა და ქვეყნის სწრაფ განვითარებას მოემსახურება.

კანონპროექტით გათვალისწინებული სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებები მეტ პროგრესს, თანამედროვე სახელმწიფოსა და კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებას მოემსახურება და მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ადმინისტრაციული დანახარჯების შემცირებას.

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, წამყვან კომიტეტში საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით განხილვის შემდეგ რიგ კანონპროექტებში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა.

მისი თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტთა პაკეტის მეორე მოსმენით განხილვის შემდეგ, ცვლილება შევიდა კანონპროექტში - „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტს ორი სამინისტროს დასახელება ახალი რედაქციით წარედგინა.

სახელწოდება - „განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო“ შეიცვლება სახელწოდებით - „განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო“.

ასევე, სახელწოდება - „ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს“ სახელწოდება შეიცვლება სახელწოდებით - „ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო“.

დეპუტატებმა წარმოდგენილი დოკუმენტი და მისი თანმდევი 115 კანონპროექტი მუხლობრივად განიხილეს.

კენჭისყრის შედეგად, საქართველოს პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით, 84 ხმით 1-ის წინააღმდეგ მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები