საქართველოს პარლამენტმა დღეს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი საგადასახადო შეღავათების დაწესების ინიციატივას. კანონპროექტის ავტორები "ქართული ოცნების" დეპუტატები არიან და ის დაჩქარებულ რეჟიმში განიხილება. ცვლილებას მხარი დაუჭირა 75-მა დეპუტატმა, 9 კი წინააღმდეგი იყო.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იმ ქართველ ბიზნესმენებს, რომლებიც აქტივებს ოფშორულ ზონებში ფლობენ, აქტივების საქართველოში გადმოტანისთვის საგადასახადო შეღავათები დაუწესდებათ. ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებით, კანონპროექტი "ქართული ოცნების" თავმჯდომარეზე ბიძინა ივანიშვილზეა მორგებული და მისი მიღება საერთაშორისო სანქციების მიმართ გაზრდილ მოლოდინებს უკავშირდება.
პარლამენტში ინიციატივა მისმა თანაავტორმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ წარადგინა. მისი თქმით, ეს ცვლილება ბიძინა ივანიშვილს არ უკავშირდება და რომც უკავშირდებოდეს, "ამით ცუდი არაფერი ხდება", ამასთან პაატა კვიჟინაძემ გამორიცხა შესაძლებლობა, რომ ივანიშვილი შეიძლება საერთაშორისო საფინანსო სანქციების სამიზნე გახდეს.
"ბატონ ბიძინაზე[ივანიშვილზე] ვერიდები ხოლმე საუბარს. თუ საქართველოში რაიმე კარგი გაკეთდა, სახელმწიფოს არ ვგულისხმობ, ბატონი ბიძინას გაკეთებული არ არის ყველაფერი? ერთი მთაწმინდის პარკია ბადრი პატარკაციშვილის გაკეთებული და დანარჩენი სულ ყველაფერი ბატონი ბიძინას გაკეთებულია. ეკლესია, თეატრები თუ დანარჩენი ყველაფერი. კითხვა დაისვა - რა გადაიხადა საქართველოშიო, მეტი რა უნდა გადაიხადოს? ყველაფერი ტყუილია, რასაც ამბობთ, რომ უნდა აქ გადმოიტანოს ყველაფერიო, რომ მერე არაფერი გადაიხადოს და ეშინია არ დაასანქცირონო. ამაზე მეტ ტყუილს ვერ მოიფიქრებ. იმიტომ, რომ თუ სანქცირება მოხდა ამერიკისგან თუ ევროპისგან, ვინც არ უნდა იყოს, პაატა იქნება თუ სხვა იქნება, ვერაფერი ვერ უშველის. იქნება დასანქცირებული ყველა ბანკები. ვიცით, რომ თიბისიდან საქართველოს ბანკში რომ 100 დოლარი გადარიცხო, ისიც ამერიკის გავლით ხდება და როგორ შეიძლება ვინმეს თავში მოუვიდეს, რომ აქ გამოიყენებ ყველაფერს როგორც მოგინდება? ეს არის აბსურდი.
არავითარ კავშირში არ არის ეს ბატონ ბიძინასთან, მაგრამ კიდევაც რომ იყოს, ცუდი რა ხდება? გამჭვირვალე გახდება უფრო მეტად, სხვა ცუდი რა ხდება? და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სანქციებთან ამას ამას აკავშირებს ისეთი ადამიანები, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვს რა არის სანქციები და ასეთი სისტემები,"- განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კანონპროექტის ავტორს არაერთი კითხვა დაუსვეს თუ რატომ უწესებს საქართველო ოფშორულ კომპანიებს საგადასახადო შეღავათებს, თუმცა კანონპროექტის ავტორის განცხადებით, მთავარი მიზანი მეტი ინვესტიციების მოზიდვაა, მაგრამ რა ინვესტიციები შეიძლება მოიზიდოს ქვეყანამ ან რა მოცულობის საგადასახადო შეღავათი შეიძლება არ შევიდეს ამით ბიუჯეტში არ დასახელებულა. აღნიშნული არც კანონპროექტის განმარტებით ბარათში არ არის ასახული.
ცნობისთვის, საქართველოს უმდიდრესი მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი საქართველოში მის ბიზნეს ოპერაციებს ოფშორების გავლით ახორციელებს, რადგანაც “ქართუ ბანკი”, “ტურიზმის განვითარების ფონდი” თუ “თანაინვესტირების ფონდი” იურიდიულად ოფშორული კომპანიების საკუთრებას წარმოადგენს.
პარლამენტში შესული კანონპროექტის მიხედვით, ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების ქართულ კომპანიაზე გადაფორმებისას აქტივის მიმღები ქართული კომპანია შესაბამის აქტივზე დაბეგვრის ვალდებულებისგან გათავისუფლდება თუკი ოპერაცია შესრულდება 2028 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 2030 წლის 1-ელ იანვრამდე აღნიშნულ ოპერაციაში ჩართული საწარმო ოფშორული კომპანიისგან ფიზიკური აქტივის საქართველოში მიღებისას იმპორტის გადასახადისგან იქნება გათავისუფლებული.