მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტმა „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა - რა იცვლება

გგ
29.11.23 21:28
338

პარლამენტმა „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას - 78 ხმით მხარი დაუჭირა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ცვლილებით, 2 წლით გახანგრძლივდება პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის/სხვა წყალმოსარგებლისთვის გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენის ვადა.

ასევე 2 წლით გახანგრძლივდება რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და ამ საფასურის გადახდის წესის დამტკიცების ვადა.

მომხსენებლის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის ნინო თანდილაშვილის განცხადებით, სამინისტრო აქტიურად ავითარებს სამელიორაციო სისტემებს რეგიონებში და წელს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დაფინანსებით დაიწყო 300 მილიონზე მეტი ღირებულების საირიგაციო პროექტები სხვადასხვა რეგიონში, რომელიც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს საირიგაციო სისტემების მოდერნიზებას და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.

„პარალელურად მიმდინარეობს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების ჩამოყალიბების პროცესი იმისათვის, რომ ამ ყველაფერმა სისტემურად კარგად იმუშაოს რეგიონებში. შესაბამისად, საქართველოს მელიორაციას სჭირდება დამატებითი ვადები იმისთვის, რომ განსაზღვრული ტარიფებიდან გამომდინარე სისტემურად გაიმართოს მთლიანად წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების მუშაობა და ამ ყველაფერს მიებას გაწეული მომსახურების ტარიფების სისტემაც.

ამისთვის კი, აუცილებელია, რომ ყველგან მოეწყოს შესაბამისი ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძები, განისაზღვროს თითოეული მომხმარებლისთვის მიწოდების წერტილი და გარკვეული ტექნიკური საკითხები გადაწყდეს. ბუნებრივია, ამ ყველაფერზე მუშაობა მომდევნო წლებში აქტიურად გაგრძელდება“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები