საქართველოს პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. პლენარულ სხდომაზე ჯერ სიტყვიერი და მერე ფიზიკური დაპირისპირება პოლიტიკური გამოსვლების დროს მოხდა.
საზოგადოებას ოპოზიციონერი დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე მიმართავდა. ის „რუსულ კანონს“ აკრიტიკებდა და ხელისუფლების წარმომადგენლებს სამარცხვინოები უწოდა.
დაპირისპირების მიუხედავად, პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვა მისცა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს, რომელმაც თქვა, რომ ხელისუფლებას რობოკოპები იცავენ და დეპუტატებს სწორედ მათი დახმარება სჭირდებათ, რომ პარლამენტში შევიდნენ. ლევან ხაბეიშვილის თქმით, „დეპუტატ დიტო სამხარაძეს თავში ნაგვის ყუთი აქვს და ძალადობა მის თავში მოიხარშა. ამ ადამიანის დაორგანიზებულია ყველა ახალგაზრდასთან მივარდნა და თავ-პირის დალეწვა“.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, ხელისუფლება საქართველოს ისტორიას ახლა უკუღმა წერს, თუმცა ხალხი ხელისუფლებას ამას მაინც აპატიებს.
უმრავლესობის დეპუტატმა, დიტო სამხარაძემ ლევან ხაბეიშვილის მისამართით შეიგინა, რის შემდეგაც დაპირისპირება ჯერ სიტყვიერ, მერე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.
ინციდენტის შემდეგ უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა თინა ბოკუჩავას დარბაზიდან გაძევება ითხოვა, რადგან მისი თქმით, უმცირესობის წარმომადგენელმა მარიამ ლაშხზე იძალადა.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკური გამოსვლების დროს სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევაში ის დეპუტატებს მიკროფონს გაუთიშავს.