მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პარლამენტში "გაზპრომთან" კონტრაქტის თემაზე შესაძლოა, საკომიტეტო მოსმენა გაიმართოს

5c59b707ab178
დათო ჯალაღონია
05.02.19 20:45
894
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს რომან კაკულიას საქართველოს მთავრობასა და „გაზპრომთან“ თანამშრომლობის საკითხზე საკომიტეტო მოსმენის გამართვა სურს.

ასე უპასუხა კაკულიამ კითხვას - მიიჩნევს თუ არა, რომ მხარეებს შორის გაზის ტრანზიტთან დაკავშირებით მოქმედი კონტრაქტის პირობები საჯარო უნდა იყოს.

„რუსეთთან მიმართებაში, ჩვენ ძალიან ბევრი კლიშეებისა და სტერეოტიპების ტყვეობაში ვართ. ეს სულ სხვა თემაა. უშუალოდ „გაზპრომს“ რაც შეეხება, მე უფრო ღია საუბრის მომხრე ვარ ამ თემასთან მიმართებაში. ერთი საკომიტეტო მოსმენა ამ თემას ნამდვილად ეკუთვნის, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს ჩვენი დამოკიდებულება ამ თემის მიმართ. შეკითხვებიც ბევრი იყო და ჩვენ შეგვიძლია, საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთ დეტალად სწორედ ეს ამბავი ვაქციოთ, რომ გავყოთ პოლიტიკური ნაწილი ეკონომიკურისგან და ამ კლიშეებისგან გათავისუფლებულმა ვიზრუნოთ იმაზე, რომ აბსოლუტურად პრაგმატული და სწორი გადაწყვტილება იყოს მიღებული ამ შემთხვევაში“, - განაცხადა მან BM.GE-თან საუბრისას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განმარტებით, ქართული მხარე "გაზპრომ-ექსპორტთან" ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად მოლაპარაკებებს აგრძელებს, რაც თებერვალში დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლიდან საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასა და „გაზპრომ–ექსპორტს“ შორის ახალი კონტრაქტი შევიდა ძალაში, რამაც რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი გაზის ტრანზიტის პირობები შეცვალა. მანამდე საქართველო სატრანზიტო მომსახურებისთვის საფასურს ნატურით – ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გატარებული ბუნებრივი გაზის 10%–ის სახით იღებდა. 2017 წლიდან კი პირობები შეიცვალა და ჯერ ნაწილობრივ, შემდეგ კი სრულად, საქართველო მონეტარული ანაზღაურების რეჟიმზე გადავიდა, ანუ ქვეყანა სატრანზიტო მომსახურებისთვის განსაზღვრულ თანხას იღებს. ამ კონტრაქტის კომერციული პირობები გასაიდუმლოებულია. სწორედ აღნიშნულ კონტაქტს მოქმედების ვადა 2018 წლის 31 დეკემბერს ამოეწურა. ახალი პირობები მხარეებმა მიმდინარე წელს უნდა შეათანხმონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები