მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტთან 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაცია, ვფიქრობთ ივლისის ბოლოს დასრულდება - კალაძე

მერია

თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, პარლამენტის გვერდით 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაცია ივლისის ბოლოს დასრულდება. ამის შესახებ მან მთაწმინდის რაიონში 9 აპრილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მონახულებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1.5 მლნ ლარით დაფინანსდა და მას ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.

„პირველი, რაც კეთდება, არის მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო.

შესაბამისი კომპანიები ჩართულები არიან და ივლისის ბოლოს, ვფიქრობთ, ყველანაირად დავასრულებთ სამუშაოებს და კეთილმოწყობას.

არ შეიცვლება პარლამენტის გვერდით არსებული საფეხმავლო ბილიკი. დანარჩენი, ყველაფერი მოწესრიგდება. გარდა ამისა, სამუშაოებით შევედით პარლამენტის უკანა ქუჩაზეც, რომელიც გვინდა, მოვაწესრიგოთ და მთლიანად განვაახლოთ.

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში დამონტაჟდება განათების ახალი ბოძები და LED სანათები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის სანახავად ადგილზე იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, მთაწმინდის გამგებელი დავით კირკიტაძე და თბილისის საკრებულოს წევრი ზურაბ აბაშიძე.

აღსანიშნავია, რომ სამუშაოების მიმდინარეობის გამო, 9 აპრილის ქუჩაზე მოძრაობა სრულად შეიზღუდა. ამასთან, ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩაზე აიკრძალა ავტომობილების პარკირება და მოძრაობა შესაძლებელია ორმხრივად, ხოლო ჩიტაძის ქუჩაზე მოძრაობის მიმართულება შეიცვალა და მოძრაობა შესაძლებელია ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები