მედიის წარმომადგენლები პარლამენტთან მზია ამაღლობელისა და სხვა უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით აქციას მართავენ - ისინი თავდაპირველად პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეიკრიბნენ და მოგვიანებით მსვლელობით დაიძრნენ წრეზე, რასაც პოლიციელების წინააღმდეგობა მოჰყვა.
კადრებში ჩანს, რომ პოლიციამ მედიის წარმომადგენლებს მოუწოდა გადასულიყვნენ ტროტუარზე. თუმცა, ტროტუარზე გადასვლის შემდეგ საპოლიციო ძალების მხრიდან მოულოდნელად დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება.
მედიის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე მუშაობენ ვერ აზუსტებენ, 2 პირი, რომელიც პოლიციამ დააკავა განრიდებულები არიან, თუ მათ მიმართ ადმინისტრაციული წარმოებაა დაწყებული.

"პუბლიკას" რედაქტორი, ზურა ვარდიაშვილი წერს, რომ საპოლიციო ძალებმა "დაარტყეს ჩვენს რეპორტიორ ნათია ლევერაშვილსაც".
"პარლამენტთან, სადაც რამდენიმე ათეული ჟურნალისტი ვაპროტესტებთ მზია ამაღლობელის პატიმრობას, მოულოდნელად თავს დაგვესხა პოლიციის ნიღბიანთა რაზმი, ურტყეს ყველას ვისაც მისწვდნენ, დაარტყეს ჩვენს რეპორტიორს ნათია ლევერაშვილსაც".
დღეს, 24-ე დღეა, მზია ამაღლობელი ციხეში შიმშილობს.



























