მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პარტია "საქართველოსთვის" პარლამენტს ავტოიმპორტზე ალტერნატიული კანონპროექტით მიმართავს

ვიკა ფილფანი

"გახარია საქართველოსთვის" დეპუტატი ვიკა ფილფანი „ქართული ოცნების“ ინიციატივას, რომელიც ძველი ავტომობილების იმპორტის შეზღუდვას ეხება, „კვერცხის ფასთან დამარცხებული ხელისუფლების“ მხრიდან მოქალაქეების კიდევ უფრო გაღარიბების მცდელობად აფასებს. ფილფანის განცხადებით, ირაკლი კობახიძის მიერ წარდგენილი ახალი რეგულაციები პირდაპირ ურტყამს თვითდასაქმებულთა სექტორს და გადაადგილების უფლებას მხოლოდ მდიდრების პრივილეგიად აქცევს.

დეპუტატის განმარტებით, ავტომობილებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა მძიმე დარტყმა იქნება ტაქსის მძღოლებისთვის, კურიერებისა და მცირე დისტრიბუტორებისთვის, რომლებიც შემოსავლის მისაღებად სწორედ მეორად ავტომობილებს იყენებენ.

"კრიტიკულად საგანგაშოა, რომ ამ გადაწყვეტილებას ექნება მკვეთრად ნეგატიური ეკონომიკური და სოციალური შედეგები. დაზიანდება თვითდასაქმების მთელი სექტორი: ტაქსის მძღოლები, კურიერები და მცირე დისტრიბუტორები, რომლებიც სწორედ ხელმისაწვდომ მეორად ავტომობილებს იყენებენ შემოსავლის მისაღებად და ოჯახების სარჩენად. „6 წლიანი ბარიერი“ ამ ადამიანებს შრომის ბაზართან წვდომას ურთულებს, რაც გამოიწვევს უმუშევრობის ზრდას, სიღარიბის გაღრმავებას და პროდუქტების
ფასების ჯაჭვურ მატებას.

აღნიშნული ცვლილება წარმოადგენს არა ეკოლოგიურ ან ურბანულ ზრუნვას, არამედ პირდაპირ სოციალურ დისკრიმინაციას თან მაშინ, როცა ოცნების დეპუტატები და მთავრობის წევრები 200 000$ -იანი მანქანებით თავად გადაადგილდებიან", - ამბობს დეპუტატი.

ფილფანი ეხმიანება მმართველი გუნდის არგუმენტს, რომ ახალი ავტომობილები საგზაო შემთხვევებს შეამცირებს. მისი თქმით, ეს რეალობას აცდენილია, რადგან ფინანსური სიმცირის გამო მოქალაქეები იძულებულნი გახდებიან, შეიძინონ უფრო ახალი, თუმცა „ჩაკერებული“ და კონსტრუქციულად დაზიანებული ავტომობილები, რომლებიც დაბალი ფასის გამო უფრო ხელმისაწვდომი იქნება, მაგრამ საგზაო მოძრაობისთვის დიდ საფრთხეს შექმნის.

დეპუტატმა პარლამენტს უკვე მიმართა ალტერნატიული ინიციატივით, რომელიც, მისი თქმით, დაბალანსებული და სოციალურად სამართლიანია. ფილფანის წინადადება გულისხმობს:

  • 0-დან 10 წლამდე ასაკის მსუბუქი ავტომობილების იმპორტისთვის მოქმედი სააქციზო განაკვეთის უცვლელად შენარჩუნებას.
  • აღნიშნული კატეგორიის ავტომობილების შესაბამისობას ევრო 6-ის სტანდარტთან, რაც ეკოლოგიურად უსაფრთხოა.

ვიკა ფილფანი ეჭვობს, რომ ხელისუფლების მიზანი შესაძლოა იყოს ჩინური ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტის წახალისება ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით. მისი თქმით, თუ „ოცნების“ არგუმენტები ფარსი არ არის, მათ სხვა გზა არ რჩებათ, გარდა წარდგენილი ალტერნატივის მიღებისა.

"თუკი ოცნების გულისტკივილი არ არის ფარსი და არ ემსახურება საკუთარი ძვირად ღირებული ავტომანქანებით გზებზე შეფერხების გარეშე გადაადგილების უზრუნველყოფას, ან ჩინური ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტის წახალისებას ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, მათ სხვა ლოგიკური გზა და ახსნა არ რჩება, გარდა იმისა, რომ მიიღონ ჩვენი ალტერნატიული წინადადება", - წერს ის.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ 12 თებერვალს განაცხადა, რომ 1-ელი აპრილიდან აიკრძალებოდა 6 წელზე მეტი ასაკის მქონე ავტომობილების იმპორტი. ზუსტად ერთ თვეში 12 მარტს მთავრობამ 6 წელზე მეტი ასაკის ავტოიმპორტის აკრძალვა ფორმალურად გადაიფიქრა. თუმცა განბაჟება თითქმის 6-ჯერ გაძვირდება.

ცნობისთვის ამ დროისთვის ავტომობილებზე 6-8 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აქციზის გადასახადი კუბურ სანტიმეტრზე 80 თეთრს შეადგენს, 8 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების განბაჟება უფრო მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები