„არსებულ კომპლექსურ გეოპოლიტიკურ გარემოში ქვეყანას სტაბილურობა და ერთიანობა სჭირდება. პარტიების აკრძალვა ან პოლიტიკური თუ სამოქალაქო აქტივობის შეზღუდვა წინ გადადგმული ნაბიჯი არ არის“, - ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის შემაჯამებელ განცხადებაშია აღნიშნული.
საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პერე ჟოან პონსმა და მაღალი დონის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტი გუშინ, 10 მარტს დაასრულა.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრებს, სახალხო დამცველს, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელებს როგორც პარლამენტის შიგნით, ისე მის გარეთ, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.
„აშკარაა, რომ პოლიტიკასა და საზოგადოებაში არსებული პოლარიზაცია საქართველოს საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში უშლის ხელს. ჩვენი დელეგაცია პოლიტიკურად მრავალფეროვანია და ჩვენ ბევრ რამეზე ვერ ვთანხმდებით, თუმცა ერთად ვმუშაობთ. იგივე მოველოდით საქართველოში პოლიტიკური ლიდერებისგანაც“, - განაცხადა სამხრეთ კავკასიაში სპეციალურმა წარმომადგენელმა ლუის გრასამ.
მისივე თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენება მიუღებელია და ცვლილებები მხოლოდ არჩევნების გზით უნდა მოხდეს.
ეუთოს დელეგაციის წევრები ასევე აღნიშნავენ, რომ მმართველი პარტიის სურვილი ოპოზიცია აკრძალოს ქვეყნის შიგნით დაპირისპირებას და იზოლაციას გააღრმავებს.
დელეგაციის წევრები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ მათ პატიმრების მონახულების შესაძლებლობა არ მისცათ. მანამდე ასამბლეის პრეზიდენტმა პერე ჟოან პონს სამპიეტრომ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ხელისუფლებამ პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის მზია ამაღლობელის ნახვის შესაძლებლობა არ მისცათ.
„დელეგაციამ ხელისუფლებას სთხოვა იმ პირებთან შეხვედრა, რომლებსაც ოპოზიციური ძალები პოლიტიკურ პატიმრებად მოიხსენიებენ და სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ამჯერად ამის შესაძლებლობა არ მიეცათ", - ნათქვამია ორგანიზაციის შემაჯამებელ განცხადებაში.
დელეგაცია ასევე ეწვია ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს და შეხვდა იძულებით გადაადგილებულ პირებს.




























