„პარტიის წესდებაში ცვლილებით „ოცნებამ“ საქართველოში აიათოლას პოსტი შემოიღო“ - ასე აფასებს პარტია „ლელო - საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი და საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პარტია "ქართული ოცნების" წესდებაში შესულ ცვლილებას, რომლის თანახმად, გაჩნდა საპატიო თავმჯდომარის თანამდებობა და ის პოლიტიკაში ოფიციალურად მესამედ დაბრუნებულმა ბიძინა ივანიშვილმა დაიკავა. დავით უსუფაშვილის შეფასებით, საპატიო თავმჯდომარის თანამდებობის შემოღებით, „ოცნებაში“ „არაფორმალური მმართველი გააფორმალეს“.
- პარტიის საპატიო თავმჯდომარე მიწაზე კი დგას, მაგრამ სინამდვილეში არ დგას, ცოტა ზემოთ არის აწეული... საპატიო თავმჯდომარეს არაფერი ევალება და ამავდროულად ყველაფრის უფლება აქვს პარტიაში. ის <ბიძინა ივანიშვილი> არის პარტიის მთავარი საპატიო პოლიტიკური მრჩეველი - ეს ტერმინოლოგია მეზობელ ირანში და სხვა მსგავს ქვეყანაში შეგვიძლია ვნახოთ; ის არის ზეცასა და დედამიწას შორის მყოფი ადამიანი, რომელიც არაჩვეულებრივი მოვლენაა. პარტიას ჰყავს თავმჯდომარე, მაგრამ მისთვის <ბიძინა ივანიშვილისთვის> იქმნება საპატიო თავმჯდომარის პოსტი. რა თქმა უნდა, ვიცით, რაც არის საპატიო თავმჯდომარის ინსტიტუტი - განსაკუთრებული დამსახურებისთვის ადამიანს საპატიო როლი აქვს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს საპატიო როლი კი არა, ყველაფრის უფლება აქვს და პასუხისმგებლობას კი არაფერზე იღებს.
- გუშინ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის დაბრუნების ინიციატივით გამოვიდა. შეიძლება, ყოფილი პრემიერის პარტია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ თამაშს თამაშობდეს - ასეთი ვერსიაც გაჟღერდა პოლიტიკურ სპექტრში...
- გიორგი გახარია უფრო სალომე ზურაბიშვილისკენ აგორებს კოჭს...
- იქნებ ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტობა სურს?.. გარდა ამისა, პარტიის წესდებაში შეტანილი ცვლილებით, სწორედ საპატიო თავმჯდომარე წარადგენს პრემიერის კანდიდატურას ანუ ამის უფლებაც ექნება...
- მას არანაირი პასუხისმგებლობის აღება არ უნდა, ამიტომ თუ პრემიერი გახდება და ხვალ შუქი ჩაქრა, მას მოვკითხავთ; თუ ფასები გაიზარდა - მას მოვკითხავთ და ა.შ. ამდენად, საპატიო თავმჯდომარეობა არის პასუხისმგებლობის აღებაზე სრულად უარის თქმა, მაგრამ ერთგვარი მექანიზმი იმ შიშების საპასუხოდ, ემანდ, ბიჭებმა მორიგ ჯერზე არ არიონ <სიტუაცია>...
- ეს ძალა თუ მექანიზმი მას ხომ ისედაც ჰქონდა და პოლიტიკაში მესამედ მოსვლა რაში დასჭირდა?
- მეორედ მოსვლის დროს არ ჰქონდა?! მაშინ რატომ მოვიდა?
- თქვენ რა პასუხი გაქვთ?
- ეს უკვე ცდება პოლიტიკური ანალიზის სფეროს; ამაზე შეიძლება სხვა დარგის სპეციალისტებმა უფრო კვალიფიციური ახსნა მოგცენ - რა ემართებათ ადამიანებს, რომელთაც ჰგონიათ, რომ სამყარო მათზე დგას, მაგრამ ხიფათი გამოჩნდება და უსაზღვრო შიში ეუფლებათ.