პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში მუშახელის თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა განიხილება. ამის შესახებ მან EBRD-სა და OECD-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე განაცხადა, სადაც მცირე და საშუალო ბიზნესის ეთიკის საკითხებზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მსჯელობენ.
"აქ ის ქვეყნებია წარმოდგენილი, რომლებიც არიან ჩვენი პარტნიოები და ჩვენი სავაჭრო ბალანსის 35%-ს ქმნიან. საუბარია- აზერბაიჯანზე, თურქეთზე, სომხეთზე, მოლდოვასა და ა.შ. ასევე წარმოდგენილია მცირე და საშუალო ბიზნესი. ჩვენ OECD- თან და ევრობანკთან ერთად ვაკეთებთ კონფერენციას, როგორ უნდა მოვახდინოთ ბიზნესის ინტეგრაცია რეგიონულ დონეზე. ეს ნიშნავს ჯანსაღ კორპორატიულ მართვას, ჩვენ გვინდა ვნახოთ, რა პრობლემებია ამ ქვეყნებში ბიზნესის მიმართულებით. ყველა ამ ქვეყანასთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. გვინდა ვნახოთ, შესაძლებელია თუ არა სამუშაო ძალის თავისუფალი გადაადგილების საკითხები. მე ვფიქრობ, ამ მიმართულებით ბევრი საინტერესო საკითხი შეიძლება განვიხილოთ",- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
დეტალებზე კომენტარი კოვზანაძემ მედიასთან არ გააკეთა.

























