მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარტნიორებთან მოლაპარაკებები დაპაუზებულია, ყველა ელოდება ქართველი ხალხის არჩევანს - ICR-ის დამფუძნებელი

კახა ხაზარაძე

მხარი დავუჭირე ცვლილებებს, - ამის შესახებ ICR-ის დამფუძნებელმა, კახა ხაზარაძემ BMGTV-ის საარჩევნო ეთერში სტუმრობისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს და ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია ევროპა და ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს, ევროპული ოჯახის წევრობა სურს თუ წარსულში დაბრუნება.

„ცვლილებები სჭირდება ყველას, განსაკუთრებით ბიზნესს. ცვლილებების გარეშე ბიზნესი ვერ ვითარდება. პოლიტიკაშიც, როდესაც ქვეყანას 12 წელი ერთი ჯგუფი მართავს, ცვლილებებია საჭირო.

33 წელია ამ ქვეყანაში ბიზნესსექტორს წარმოვადგენ. ბიზნესის და ეკონომიკის განვითარება, წარმატება ყოველთვის იყო ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ბმაში. ძირითადი ინვესტიციები მოდიოდა იმ ფონდებისა და იმ კომპანიებისგან, რომლებიც ევროპასა და ამერიკაში მოღვაწეობენ.

აქედან გამომდინარე, დღეს განსაკუთრებული არჩევნებია. მე არ ვიტყოდი, რომ ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს შორის გვიწევს არჩევანის გაკეთება, ჩვენ არჩევანის გაკეთება გვიწევს იმაზე, თუ როგორ სამყაროში გვინდა ვიცხოვროთ. როგორც იცით, ჩვენი ისტორიული არჩევანია ევროპული სამყარო, ჯერ კიდევ წინაპრებმა მიიღეს ეს გადაწყვეტილება და დაიწყეს ამისთვის ბრძოლა. აქედან გამომდინარე, ჩვენს მოსახლეობას უწევს არჩევანის გაკეთება, თუ სად უნდა ვიყოთ ხვალ - იმ დიდ ოჯახში, რომელიც წლებია გადაწყვეტილია ქართული მოსახლეობის მიერ, თუ უნდა დავბრუნდეთ წარსულში. მე საბჭოთა კავშირში დავიბადე და არანაირი სურვილი არ მაქვს დავბრუნდე წარსულში“, - განაცხადა კახა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, 2024 წელს ბევრი ცვლილება იყო საქართველოში და ამ კუთხით წყალგამყოფი გახდა რუსული კანონი, რაც თავის მხრივ, წყალგამყოფი გახდა ბიზნესპარტნიორებთან ურთიერთობაშიც.

„მხოლოდ ჩვენი კომპანია 30-მდე საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენელია საქართველოში. მათგან პირველი შეკითხვა, რომელიც მივიღეთ, იყო შემდეგი: რატომ იღებთ ამ კანონსო, მე არგუმენტებიც არ მქონდა.

ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ ქვეყანას, აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში იყოს დემოკრატიული ინსტიტუტები. ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიღებული კანონის გამო, წელს ძალიან გაგვიჭირდა ახალ პროექტებზე ჩვენს პარტნიორებთან მოლაპარაკებების გაგრძელება, დაპაუზებულია ეს ყველაფერი და ყველა ელოდება ქართველი ხალხის არჩევანს. უკვირთ კიდეც, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭეს, მთავრობა იბრალებს, რომ მათი დამსახურებაა, მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს ქართველ ხალხს მიანიჭეს.

მე მჯერა, რომ ნებისმიერი მოქალაქე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს სხვა არჩევანი გარდა იმისა, რომ ვიაროთ ევროპული სამყაროსკენ. რა იქნება? მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს, ვინც არ ყოფილა არჩევნებზე, მოვუწოდებ რომ მივიდეს არჩევნებზე და მიიღოს სწორი გადაწყვეტილება ჩვენი და ჩვენი შვილების მომავლისთვის“, - აღნიშნა მან.

კითხვაზე, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, „ოცნებამ“ ისევ რომ გაიმარჯვოს, ხაზარაძემ აღნიშნა, რომ თუ ასე მოხდა, ქვეყნის ეკონომიკა ჩამოიშლება.

„როგორც ბიზნესმენს რიცხვებით მიყვარს საუბარი. არსებულ სიტუაციაში ქვეყანას უარყოფითი სალდო აქვს, იმპორტი ორჯერ აჭარბებს ექსპორტს. ქვეყანას არ აქვს ისეთი ბუნებრივი რესურსები, როგორიცაა გაზი, ნავთობი და ა.შ. დამოუკიდებლობის ბოლო 30 წლის განმავლობაში, დაფინანსების ძირითადი წყარო იყო ევროპული და ამერიკული ფონდები. ჩვენ თუ კარს ვუკეტავთ ჩვენს პარტნიორებს, მაშინ შეკითხვა ჩნდება - რა წყარო აქვს ქვეყანას ეკონომიკური განვითარებისთვის? ამაზე პასუხი მარტივია. წყარო არ არსებობს. მე ვერ წარმომიდგენია „ოცნების“ გამარჯვება, მაგრამ თუ ასე მოხდა, 6 თვის განმავლობაში კრიზისი შეიქმნება პირველ რიგში უძრავი ქონების ბაზარზე, მას მიჰყვება მერე ფინანსური ინსტიტუტები და პირამიდის ფორმით მთელი ეკონომიკა ჩამოგვეშლება. მე არ ვხატავ რთულ სურათს, ეს არის რეალობა. სხვა ალტერნატიული წყაროები არ არსებობს“, - განაცხადა კახა ხაზარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები