ნებაყოფლობით წევრობაზე დაფუძნებული ღია ორგანიზაციის, არასამეწარმეო იურიდიული პირის დამფუძნებლებად კერძო ფარმაცევტული კომპანიებიც მოიაზრებიან. არაკომერციული ორგანიზაციის დაფუძნების იდეა, სახელმწიფოს ეკუთვნის, თუმცა მათივე ინიციატივით „პარტნიორობა ხელმისაწვდომი ჯანდაცვისთვის“ ღია იქნება როგორც მედიკამენტების დისტრიბუტორი კომპანიებისთვის, ასევე ადგილობრივი მწარმოებლებისთვის და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლობებისთვის.
როგორც BM.GE-ს ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელმა განუცხადა, სახელმწიფოსთან კონსულტაციები დიდი ხანია მიმდინარეობს. ერთ-ერთ დამფუძნებლად კი ასოციაციაც მოიაზრება.
„საუბარია იმაზე რომ აღნიშნულ ორგანიზაციაში იქნება ექსპერტთა საბჭო, რომელშიც გაერთიანებულნი იქნებიან საერთაშორისო კომპანიებიც. მიზანი არის, რომ მიღწეული იყოს შეთანხმება საერთაშორისო კომპანიებთან და მედიკამენტებზე გაიზარდოს ხელმისაწვდომობა. ეს გაერთიანება იქნება საკონსულტაციო, საექსპერტო, მაგრამ ყიდვა-გაყიდვას არ ჩაანაცვლებს.
როგორც კი დაფუძნდება, ნემისმიერი დაინტერესებული სტრუქტურისთვის ღია იქნება ეს ორგანიზაცია. ეს არის თავისუფალ, ნებაყოფლობით წევრობაზე დაფუძნებული არაკომერციული, არამომგებიანი ორგანიზაცია“ - განუცხადა BM.GE-ს ფარმაცევტული ასოციაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მარგველაშვილმა.

























