მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პასკა 5 ლარით გაძვირდა - საკონდიტრო „განჯინა“ სააღდგომო სეზონს განახლებული ასორტიმენტით ხვდება

განჯინა

სააღდგომო სეზონის მოახლოებასთან ერთად, საკონდიტრო „განჯინაში“ უკვე აქტიურად დაიწყეს პასკების გაყიდვა. ამის შესახებ BM.GE-სთან ობიექტის დამფუძნებელმა, სოფო ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, წელს განსაკუთრებული ყურადღება მიექცა პროდუქტის ასორტიმენტის გაფართოებას, რაც ხაჭოს პასკების დამატებითაც გამოიხატა.

„გვაქვს ოთხი სახის პასკა: კლასიკური, ქინდერით, ნუტელას შოკოლადით და ხაჭოს პასკა. ზომები 250 გრამიდან იწყება და კილოგრამიანით მთავრდება. წელს, ფასებიც კორექტირებულია და წინა წელთან შედარებით 5 ლარიანი ზრდა გვაქვს. თუ შარშან 500 -გრამიანი პასკის ღირებულება 23 ლარიდან იწყებოდა, ახლა პასკის გასაყიდი ფასი 28 ლარიდან იწყება.

რაც შეეხება ხაჭოს პასკის ფასს, ამ ეტაპზე ზუსტად არ ვიცი ჯერ რა ფასი იქნება”, - თქვა მან და დასძინა, რომ ფასების კორექცია ნედლეულზე გაზრდილი ფასითაა განპირობებული, რაც პასკის თვითღირებულებასაც მნიშვნელოვნად აძვირებს.

აღსანიშნავია, რომ ობიექტი სააღდგომოდ ღონისძიებას “განჯინას ფესტივალი” გეგმავს, რომელიც ასევე “განჯინას” ეზოშივე გაიმართება. ჩიქოვანის ინფორმაციით, ფესტივალი 12 ქართველ ე.წ ვენდორს გააერთიანებს, რომლებიც ღვინით, პეტნატით, ყველით, პურით, ხელნაკეთი აქსესუარებითა და სხვა პროდუქციით იქნებიან წარმოდგენილი: "ეს იქნება ფესტივალი, რომელიც ადამიანებს, მეზობლებს და სტუმრებს გააერთიანებს, მას სააღდგომო შინაარსი ექნება, რომელიც ცოცხალი მუსიკით იქნება გაფორმებული. გვინდა, რომ ეს ფესტივალი ტრადიცია გახდეს, რომელიც სეზონების მიხედვით სხვადასხვა თემატიკით გაიმართება“.

რაც შეეხება გასული წლის შეფასებას, ჩიქოვანი ხაზს უსვამს, რომ 2025 წელს საწარმომ მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა: „დავამატეთ ახალი სამზარეულო და გავხსენით საწარმო „განჯინას“ მეორე სართულზე. ეს საშუალებას გვაძლევს, რომ უფრო მეტი პროდუქტი დავამზადოთ და რესურსი უკეთ გამოვიყენოთ“.

ინფორმაციისთვის, საკონდიტრო "განჯინა" 2023 წელს გაიხსნა და მომხმარებელს საკონდიტრო ნაწარმის ნაირსახეობას სთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები