მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პასპორტის მსოფლიო ინდექსის რეიტინგში საქართველოს პასპორტი 39-ე ადგილზეა

5c3b0c0d3383a
ანნა ლაპიაშვილი
13.01.19 13:58
2570
2019 წლის პასპორტის მსოფლიო ინდექსში საქართველოს პოზიცია უცვლელია და 39-ე ადგილს იკავებს.

ქართული პასპორტით მოგზაურობა უვიზოდ 74 ქვეყანაშია შესაძლებელი; 41 ქვეყანაში კი, ვიზის აღება საზღვარზე ხდება. ამასთან, ქართული პასპორტით მოგზაურობისას მსოფლიოს 84 ქვეყანაში ვიზა დაგჭირდებათ.

საქართველოსთან ერთად, 39-ე ადგილი რეიტინგში ნიკარაგუამ და თურქეთმა დაიკავეს. ნიკარაგუას პასპორტის ქონის შემთხვევაში, უვიზოდ 65 ქვეყანაში იმოგზაურებთ და თუ თურქეთის პასპორტს ფლობთ - 71 ქვეყანაში.

რეიტინგში სამეულს ბოსნია და ჰერცოგოვინა და მოლდოვა და პალაუ მოჰყვებიან. ერთი ნაბიჯით წინ, 38-ე პოზიციაზე რუსეთის ფედერაციის და მარშალის კუნძულების პასპოტებია.

რეიტინგში პირველი კი, არაბთა გაერთიანებული საემიროებია - 167 ქულით. ამ ქვეყნის პასპორტის ქონის შემთხვევაში, მოგზაურობა უვიზოდ 113 ქვეყანაშია შესაძლებელი; 54 ქვეყანაში ვიზას საზღვარზე გასცემენ და მხოლოდ 31 ქვეყანაში შესასვლელად არის ვიზის აღება საჭირო.

პასპორტის მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილზეა, თუმცა ყველაზე მეტ - 126 ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობა გერმანული პასპორტის მქონე მოსახლეობას შეუძლია.
მესამე ადგილს 165 ქულით passportindex-ის რეიტინგში სინგაპური, დანია, შვედეთი, ფინეთი, ლუქსემბურგი, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები, ესპანეთი, ნორვეგია, სამხრეთ კორეა და აშშ-ის პასპორტები იკავებს.

2019 წელს უცვლელია რეიტინგში ბოლო, ყველაზე “სუსტი” პასპორტის პოზიციაც. ბოლო ადგილზე ავღანური პასპორტია. ამ ქვეყნის პასპორტით, უვიზოდ მიმოსვლა მხოლოდ 5 ქვეყანაშია შესაძლებელი და ვიზა საჭიროა 169 ქვეყანაში მოგზაურობისას.

ცნობისთვის: პასპორტის ინდექსი (Global Passport Index) ყოველწლიურად ქვეყნდება. ის გაერო-ს წევრი 193 ქვეყნის მონაცემებს აანალიზებს და ითვლის, თუ რამდენ ქვეყანაშია შესაძლებელი უვიზოდ მიმოსვლა.

პასპორტის ინდექსს კიდევ ერთი საკონსულტაციო კომპანია Henley&Partners-იც აქვეყნებს. Henley & Partners-ის პასპორტების ყოველწლიური ინდექსი 200-ზე მეტი ქვეყნისა და ტერიტორიის სავიზო წესებს აანალიზებს.

ამ რეიტინგში საქართველო 2019 წელს 51-ე ადგილზეა. 2018 წელი Henley&Partners-ის რეიტინგში საქართველომ 50-ე პოზიციით დახურა.

წლების მიხედვით ამ რეიტინგში საქართველოს პოზიციები ასე გამოიყურებოდა:

2017 წელი - 68-ე ადგილი
2016 წელი - 71-ე ადგილი
2015 წელი - 79-ე ადგილი
2014 წელი - 68-ე ადგილი
2013 წელი - 67-ე ადგილი
2012 წელი -73-ე ადგილი
2011 წელი - 73-ე ადგილი
2010 წელი - 72-ე ადგილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები