სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წლიური ანგარიშის თანახმად, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
ანგარიშში წერია, რომ 2025 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ განხორციელდა მთელი რიგი ღონისძიებები როგორც ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მიმართულებით, ასევე ანალიტიკური და პრევენციული ღონისძიებების კუთხით. შედეგად, დაკავებულია და ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა არაერთი მაღალი თანამდებობის პირი და საჯარო მოხელე.
"2025 წელს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 54 საქმეზე და ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 104 პირი ისეთ დანაშაულებზე, როგორებიცაა ქრთამის აღება, ქრთამის მიცემა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, სამსახურებრივი სიყალბე და სხვა.
საანგარიშო პერიოდში განრიდება გამოყენებულ იქნა სისხლის სამართლის 2 საქმეზე 3 პირის მიმართ.
2023 წლის 15 ნოემბრისა და 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე, საანგარიშო წლის განმავლობაში, სისხლის სამართლის 8 საქმეზე, სახელმწიფოს დაუბრუნდა 1 086 410 ლარის ღირებულების დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 126 362 კვ.მ მიწის ნაკვეთი. 28 პირი გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან",- აღნიშნულია ანგარიშში.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, გასული წლის განმავლობაში, კორუფციული და სამოხელეო დანაშაულების გამოვლენა-აღკვეთის პარალელურად, მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძალისხმევა კორუფციის პრევენციის ხელშემწყობი ზომების დანერგვისა და გაძლიერების მიმართულებით.




























