„საქართველოს ბანკში მოსვლის პირველივე დღიდან ვიგრძენი, რომ რაღაც ძალიან დიდის ნაწილი გავხდი. ყველა გადაწყვეტილებას, რასაც აქ ყოველდღიურად ვიღებთ, ძალიან ბევრ ადამიანზე აქვს გავლენა, ამიტომ, ვფიქრობ, რომ საქართველოს ბანკის გუნდის წევრებს სხვანაირი, გაძლიერებული პასუხისმგებლობის უნარი უყალიბდებათ“, - ამბობს ირაკლი გელენიძე, IT & Data Platforms Tribe-ის გუნდის წევრი, Solution Architect-ი (Domain Expert).
ირაკლი გელენიძე საქართველოს ბანკის გუნდს 2018 წელს შემოუერთდა ანალიტიკოს-დეველოპერის პოზიციაზე, სადაც კოდის წერის პარალელურად, ჩართული იყო პროცესების ანალიზში, მონაწილეობდა პროგრამული უზრუნველყოფის დიზაინისა და არქიტექტურის შექმნის პროცესში. ასე დააგროვა საკმარისი ცოდნა და გამოცდილება იმისათვის, რომ Domain Expert-Solution Architect-ი გამხდარიყო.
პირველი ნაბიჯები Data Integration-ის გუნდში
„დაახლოებით 3 წლის წინ გამიჩნდა სურვილი, გადავსულიყავი IT-ის მონაცემების მიმართულებით და ამაში ჩემი მენეჯერები დამეხმარნენ. განვითარების საკმაოდ გრძელი გზის შემდეგ „Data Integration”-ის გუნდში მოვხვდი. აქ ჩემს გუნდთან ერთად ვმუშაობ ისეთ პლატფორმაზე, სადაც თავს იყრის ბანკში დაგენერირებული ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ბიზნესს ანალიტიკური მიზნებისთვის და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება. ჩვენ ვქმნით ხელსაწყოებს, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი ხდება ბანკში დაგენერირებული ახალი ტიპის თუ უკვე არსებული ინფორმაციის მარტივად დამუშავება, მონაცემთა საცავში მოხვედრა, რის შედეგადაც ის ხელმისაწვდომი გახდება შიდა მოხმარებისთვის“.
მრავალი პროექტი და მუდმივად განვითარების შესაძლებლობა
„საქართველოს ბანკში სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვა პროექტებზე ვმუშაობდი - იქნებოდა ეს რეგულატორული მოთხოვნების იმპლემენტაცია ჩვენს პროგრამულ უზრუნველყოფებში, ახალი პროდუქტისა თუ სერვისის შექმნა, უკვე არსებული პროცესების მოდერნიზება და წარმადობის ზრდა, არსებული ძველი პროგრამული სისტემების რედიზაინი თუ სხვა.
დღეს საჭირო და სანდო ინფორმაცია ნებისმიერი კომპანიისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე აქტივია, რადგან ხარისხიანი ინფორმაციის გარეშე ძალიან რთულდება სწორი ბიზნეს-გადაწყვეტილებების მიღება. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ მთელი ჩემი გუნდი ვმუშაობთ ე.წ Lakehouse-ის შექმნაზე, რომელიც იქნება მთელი ბანკისთვის მონაცემების თანამედროვე ცენტრალური საცავი და სანდო მონაცემების ძირითადი წყარო ანალიტიკური მიზნებისთვის. ჩვენი გუნდის ფორმირება სწორედ ამ პროექტისთვის მოხდა და უკვე დაახლოებით 2 წელია ამ დიდ ამოცანაზე ვმუშაობთ. შესაბამისად, მთელი ჩვენი ძალისხმევაც სწორედ Lakehouse-ზეა მიმართული.
ზოგადად რომ ავხსნათ, Lakehouse, როგორც ახალი პლატფორმა, მონაცემთა თანამედროვე არქიტექტურული კონცეფციით, გულისხმობს მუდმივად ცვალებადი, ახალი Big Data ტექნოლოგიების გამოყენებას მონაცემების დამუშავების პროცესში. ჩვენი გუნდებისთვის კი ამ თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისება და ჩვენზე მორგება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა. საკმაოდ ხშირად გვიწევს ამ მიმართულებით მსოფლიო ბაზარზე გამოჩენილ, ახალ ტექნოლოგიებში სიღრმისეული გარკვევა, მათი ტესტირება და საჭიროების შემთხვევაში ჩვენს პროექტებში ინტეგრაცია“.
საქართველოს ბანკი, როგორც საუკეთესო პროფესიული ასპარეზი
„ვფიქრობ, რომ დამწყები Solution Architect-ისთვის საქართველოს ბანკი, საუკეთესო პროფესიული ასპარეზია საკუთარი შესაძლებლობების აღმოსაჩენად და უნარების გამოსავლენად. ბანკში ბევრი სხვადასხვა ტექნოლოგიური თუ ბიზნეს მიმართულებაა, სადაც შეგიძლია იპოვო შენთვის საინტერესო საქმე, იმუშაო ამ სფეროში დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალებთან ერთად, გაიზიარო მათი აკუმულირებული ცოდნა და მომავალში, განვითარდე მათთან ერთად“.
ის, რაც გიბიძგებს, არ გაჩერდე...
„არგაჩერების მთავარი მოტივაცია, ალბათ, ისევ ის გუნდია, ვისთან ერთადაც მიწევს ყოველდღიური საქმიანობა. როდესაც გუნდის ნაწილი ხარ და თანაც SA როლით, რომელიც ერთ-ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი რგოლია პროცესებში, შენი მიღებული ყველა გადაწყვეტილება საბოლოოდ გუნდის შედეგებზე აისახება, შესაბამისად, პასუხისმგებლობა გუნდისა და მომხმარებლის მიმართ მაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდე“.