მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პატარიძის რაჭულმა“ წარმოება გაზარდა - მეღვინეობა წელიწადში 30 000 ბოთლს ჩამოასხამს

პატარიძის რაჭული

ბაბუის მარანში დაწყებული მეღვინეობა „პატარიძის რაჭული“ დღეს წარმოების გაფართოებასა და საერთაშორისო ბაზრებზე განვითარებას ცდილობს. თუ თავდაპირველად კომპანია მცირე რაოდენობით ღვინოს აწარმოებდა, ახალი საწარმოს ამოქმედების შემდეგ მისი წლიური საწარმოო შესაძლებლობა 30 000 ბოთლამდე გაიზარდა. მარნის მშენებლობისთვის მეღვინეობამ სოფლის განვითარების სააგენტოსგან 500 000-ლარიანი გრანტი მიიღო.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი შორენა პატარიძე BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ამბობს, გაფართოების საჭიროება საექსპორტო ბაზრებზე გაზრდილმა მოთხოვნამ წარმოშვა - სხვადასხვა ქვეყნიდან მიღებული შეკვეთების დასაკმაყოფილებლად არსებული წარმოება საკმარისი აღარ იყო.

„ბაბუას მარნიდან დავიწყე. თავდაპირველად დაახლოებით 100 ბოთლს ვაწარმოებდით, შემდეგ კი მოცულობა 3 000 ბოთლამდე გავზარდეთ. ამის შემდეგ მივხვდი, რომ აქ არ უნდა გავჩერებულიყავით და საქმე უფრო დიდი მასშტაბით უნდა გაგვეგრძელებინა. 2015 წელს ღვინო პირველად ჩამოვასხი, 2016 წელს კი უკვე ამერიკამ წაიღო. ეს იყო ნიშანი, რომ ამ ღვინის ისტორია უნდა განვითარებულიყო.

შემდეგ იყო იტალია, საფრანგეთი და სხვა ბაზრები. მოგვიანებით მოთხოვნა ჩინეთიდანაც გაჩნდა. როდესაც ჩინეთს ღვინო მივაწოდეთ, ამერიკისთვის აღარ დაგვრჩა. სწორედ მაშინ დავინახე, რომ წარმოების გაზრდა აუცილებელი იყო“, - ამბობს შორენა პატარიძე.

წარმოების გაფართოება მხოლოდ ახალი მარნის აშენებას არ უკავშირდებოდა. საწარმოს განვითარებისთვის კომპანიამ სხვადასხვა პროგრამის მხარდაჭერაც გამოიყენა. პატარიძის ინფორმაციით, 2019 წელს დაფინანსება ევროპის განვითარების ფონდისგან მიიღეს, მოგვიანებით კი GRETA-სა და ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით განხორციელებულ ეკოლოგიურ პროექტშიც ჩაერთნენ. კომპანია საკუთარ ვენახებზე მოყვანილი ყურძნისგან ბიოლოგიურად სუფთა ღვინოს აწარმოებს.

ახალი მარნის მშენებლობა მეღვინეობისთვის განვითარების მთავარი ეტაპი აღმოჩნდა. პროექტის დასაფინანსებლად მიღებულ 500 000-ლარიან გრანტთან ერთად, საკუთარი ფინანსური რესურსები ჩადეს შორენა პატარიძემ და მისმა გერმანელმა პარტნიორმა, შტეფან ბრუნო შალემ.

„ამ პროექტს ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა - როგორც ჩემი, ისე ჩემი პარტნიორის ფინანსური რესურსები ჩავდეთ. თავიდან მეშინოდა, რამდენად შევძლებდი ამ მასშტაბის პროექტის განხორციელებას, რადგან ეს მცირე საქმე არ იყო. თუმცა გამოგვივიდა და დღეს უკვე 30 000 ბოთლის წარმოება შეგვიძლია. თუ ბაზარი გაიზრდება და მოთხოვნა მოიმატებს, წარმოების კიდევ უფრო გაფართოებაც შეგვეძლება“, - აღნიშნავს მეღვინე.

„პატარიძის რაჭულის“ ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ყურძნის ადგილობრივი ჯიშებია - ალექსანდროული და მუჯურეთული, რომლებიც რაჭის რამდენიმე სოფელშია გავრცელებული. კომპანიისთვის ამ ჯიშების პოტენციალის წარმოჩენა მხოლოდ ტრადიციული ნახევრად ტკბილი ხვანჭკარით არ შემოიფარგლება: 2018 წლიდან მეღვინეობამ მათგან მშრალი ღვინის წარმოებაც დაიწყო.

„ვფიქრობ, ალექსანდროულსა და მუჯურეთულს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და ეს მხოლოდ ხვანჭკარით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. არ უნდა იყოს ისე, რომ ამ ჯიშებისგან მხოლოდ ნახევრად ტკბილ ხვანჭკარას ვაწარმოებდეთ. ამიტომ გადავწყვიტეთ, ღვინო დაგვეშრო. მუჯურეთულს ის გემოვნური ტონები აქვს, რომლებიც ღვინის ბუკეტს განსაკუთრებულ ხასიათს აძლევს.

ამერიკაში ჩვენს ღვინოს სპეციალური ღვინო უწოდეს. იტალიაში კი რამდენიმე მარნის ღვინო გასინჯეს და მომხმარებლის უკუკავშირის შესწავლის შემდეგ ორი მარანი შეარჩიეს, მათ შორის ჩვენც ვიყავით. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი ნიშანი იყო, რომ სწორი მიმართულებით მივდიოდით და წარმოება უნდა გაგვეზარდა“, - ამბობს პატარიძე.

საექსპორტო ბაზრების განვითარებასთან ერთად, კომპანიამ გასული წლიდან საქართველოს ბაზარზეც გაააქტიურა საქმიანობა. პრემიუმ სეგმენტზე გათვლილი ღვინო ძირითადად იმ რესტორნებში იყიდება, რომლებიც ნატურალურ ღვინოებზე სპეციალიზდებიან. საერთაშორისო გაყიდვების ხელშეწყობისთვის კი მეღვინეობას საწყობები აქვს გერმანიასა და ჩინეთის ქალაქ შანხაიში.

მიუხედავად ამ შესაძლებლობებისა, კომპანიის დამფუძნებლის შეფასებით, საექსპორტო არხების არსებობა გაყიდვების სწრაფ ზრდას ავტომატურად არ უზრუნველყოფს. გამოწვევად რჩება ქართული ღვინის, განსაკუთრებით კი რაჭული ღვინის, ცნობადობის გაზრდა.

„გერმანიაში გვაქვს საწყობი და ასევე შანხაიში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ევროპას გერმანიიდან მივწვდეთ, აზიას კი - ჩინეთიდან. თუმცა ყველაფერი ძალიან ნელა ვითარდება. ამას დიდი ხელშეწყობა და პოპულარიზაცია სჭირდება“, - აღნიშნავს მეღვინე.

ამ ეტაპზე „პატარიძის რაჭულისთვის“ ერთ-ერთი მთავარი ამოცანა გაყიდვების გაზრდა და არსებული საექსპორტო ბაზრების განვითარებაა. წარმოების გაზრდის შემდეგ კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ მეტი ღვინო აწარმოოს, არამედ გააფართოოს მისი რეალიზაციაც და რაჭული ღვინის ცნობადობა საერთაშორისო ბაზრებზე გაზარდოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები