მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პატიმრობა მიუსაჯეს კომპანიის დირექტორს, რომელმაც ქედის მუნიციპალიტეტის 97,933 ლარი მიითვისა

პატიმრობა მიუსაჯეს კომპანიის დირექტორს, რომელმაც ქედის მუნიციპალიტეტის 97,933 ლარი მიითვისა
BM.GE
31.07.23 13:04
26

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, ორი პირი დამნაშავედ ცნო. საქმე კომპანია "ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს" დირექტორის მიერ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული თანხის  - 97,933 ლარის მითვისებას უკავშირდება. 

"სასამართლო პროცესზე დადასტურდა, რომ „ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ ყოფილმა დირექტორმა და ამავე საწარმოს ბუღალტერმა, სხვადასხვა დროს, ქედის მუნიციპალიტეტის მიერ ამბულატორიული მომსახურების პროგრამისთვის გათვალისწინებული თანხები, სარგებელის მიღების მიზნით უკანონოდ გადარიცხეს თავიანთ საბანკო ანგარიშებზე, რის შედეგადაც საწარმოს ყოფილმა დირექტორმა - 97 933 ლარი, ხოლო ყოფილმა ბუღალტერმა - 22 035 ლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს.

„ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ ყოფილი დირექტორი სასამართლომ დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება ჯგუფურად), სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და სსკ-ის 341-ე მუხლით (სამსახურებრივი სიყალბე) წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

რაც შეეხება ამავე საწარმოს ყოფილ ბუღალტერს, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხელი შეუწყო მტკიცებულებების მოპოვებას და სრულად აანაზღაურა სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი, მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა,"- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები