პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ თურქეთის მოქალაქეს, რომელიც დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საზღვარგარეთ ყოფნისას, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 809 აბი ფსიქოტროპულ ნივთიერება „პრეგაბალინს“, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გამოვლით უკანონოდ შემოიტანა საქართველოში. სამართალდამცველებმა აღნიშნული ნივთიერება საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზში ბრალდებულისგან ამოიღეს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა, შენახვა) და 263-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

























