„პატრიოტთა ალიანსი” პარლამენტში შესაძლოა, ფრაქციის გარეშე დარჩეს.
საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ჭიჭინაძე IPN-თან საუბარში აცხადებს, რომ “კოლეგიალობის მიზნით”, მისი ყოფნა ფრაქციაში “საქართველოს პატრიოტები” საგაზაფხულო სესიისთვის დასრულდება.
“შეთანხმება, რომ ფრაქციაში შევიდოდი, იყო დროებითი და განპირობებული მეგობრული, კოლეგიალური მიზნებით. ასევე, იმ რეზულუციის მხარდასაჭერად, რომელიც წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას უკავშირდება”, - აცხადებს პარლამენტარი ჭიჭინაძე.
შეგახსენებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტარი დავით ჭიჭინაძე დატოვებს ფრაქციას “საქართველოს პატრიოტები” და ის არ შეივსება მეექვსე წევრით, ეს ამ ფრაქციის ფორმალურ დაშლას გამოიწვევს, რაც იმას ნიშნავს, რომ “საქართველოს პატრიოტთა ალიანსს” პარლამენტში არ ეყოლება თავისი ფრაქცია.

























