„ჟორდანიას სამედიცინო ცენტრის“ ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სალომე სვანაძის განცხადებით, წინა წლებთან შედარებით, პლასტიკურ ქირურგიულ მომსახურებაზე პაციენტების ცნობიერება მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.
მისი თქმით, ინდუსტრიაში სულ უფრო ძლიერდება ბუნებრიობისკენ სწრაფვა, რასაც თან თანამედროვე ტექნოლოგიების აქტიური გამოყენება ახლავს. „ქირურგიული ნამუშევრების განვითარებასთან ერთად, იზრდება ბუნებრიობისკენ სწრაფვა და ამისთვის, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება. ამაყი ვარ, რომ საქართველოში დღეს აბსოლუტურად ყველა მიდგომა, ტექნოლოგია და აპარატურა გვაქვს წარმოდგენილი და წარმატებით ვიყენებთ“, - აღნიშნა სალომე სვანაძემ.
როგორც ის განმარტავს, პაციენტების მოთხოვნებიც შეიცვალა. „დღეს პაციენტი აღარ ეძებს უბრალოდ სერვისს – მაგალითად, ლიპოსაქციას. ის უკვე ფიქრობს სხვანაირად: “მე მინდა დავიბრუნო ჩემი ჰარმონიული, ინდივიდუალური სხეული” და ეძებს არა პროდუქტს, არამედ სრულ გზას. ეს კი მთლიან ინდუსტრიას ცვლის და მულტიდისციპლინარული ქირურგიისკენ მივყავართ“, - აცხადებს დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
სვანაძის თქმით, ცნობიერების ზრდა დიდწილად დამოკიდებულია კლინიკისა და ექიმის პოზიციონირებაზე. „მნიშვნელოვანია, პაციენტს არ ვუკარნახოთ, როგორ უნდა გამოიყურებოდეს. მსოფლიო მიდის ინდივიდუალიზაციისკენ – როგორ მინდა მე გამოვიყურებოდე და როგორ მინდა დავინახო ჩემი თავი სარკეში“, – ამბობს ის.
მისივე განმარტებით, კლინიკაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პაციენტთან კომუნიკაციას. „ჩვენი ყველა თანამშრომელი გადამზადებულია ფსიქოლოგიაში და ყოველდღიურად ვმუშაობთ სერვისის სტანდარტებზე, რადგან პაციენტი მხოლოდ ანამნეზი არ არის – მას თავისი ისტორია აქვს და პროფესიონალების მუდმივი მხარდაჭერა სჭირდება“, – აღნიშნა სვანაძემ.
რაც შეეხება ფასებს, მისი თქმით, 2026 წელს კომპლექსური პლასტიკური ქირურგიული ჩარევების ღირებულება საშუალოდ 15 000-დან 30 000 ლარამდე მერყეობს. „დაბალი ფასის მოდელი ხშირად ხარისხის შემცირებას იწვევს, ამიტომ აუცილებელია სწორი ბალანსის დაცვა“, – აცხადებს ის.
სალომე სვანაძის განცხადებით, სწორედ ამ ინდივიდუალურ და პაციენტზე ორიენტირებულ მიდგომას უკავშირდება საერთაშორისო ინტერესიც. „ჩვენს გვირჩევენ ჩვენი ფილოსოფიის გამო და ჩამოდიან სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ამერიკიდან, რათა მიიღონ შედეგი, რომელიც მათ მოლოდინებს რეალურად შეესაბამება“, – აღნიშნა მან.




























