ეკოლოგიურად სუფთა ხის ნაკეთობების მწარმოებელი Pebble And Wood art მიმდინარე წელს სახელოსნოს მანქანა-დანადგარებით აღჭურვას და ამგვარად ბიზნესის განვითარებას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის დამფუძნებელმა ფატიმა ბიგანაშვილმა ისაუბრა.
Pebble And Wood art ხელნაკეთი ხის ნივთების მცირე საწარმოა, რომელიც რაჭაში მეგობრებმა 4 წლის წინ წამოიწყეს. კომპანია მომხმარებელს ხისგან დამზადებულ დეკორატიულ ნივთებს, სამზარეულოს აქსესუარებს, ჭადრაკსა და სხვადასხვა პროდუქტს სთავაზობს.
რაჭაში მოქმედი სახელოსნო შესაბამისი მანქანა-დანადგარებით არ არის აღჭურვილი, რის გამოც მუშაობა ხელით უწევთ. Pebble And Wood art-ის თანადამფუძნებელი ამბობს, რომ წელს, სახელოსნოს განვითარებისთვის საჭირო ფინანსური რესურსის მოსაპოვებლად სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საგრანტო პროგრამაში მონაწილეობას გეგმავენ. მისივე თქმით, იდეა და პროექტი ჯერჯერობით დამუშავების პროცესშია, აქედან გამომდინარე დეტალებზე ვერ საუბრობენ.
„იქიდან გამომდინარე, რომ ბაზარზე კონკურენცია ძალიან დიდია, ჩვენი მიზანი, პროდუქციის გაუმჯობესებაა. მხოლოდ ერთი ჩარხი გვაქვს, რომელსაც პატარა დეტალების გამოთლა შეუძლია, რის გამოც გარკვეული სირთულის დეტალებზე მუშაობაზე უარის თქმა გვიწევს.
პროდუქცია რაჭაში მზადდება, ხოლო მისი კოსმეტიკური ნაწილი, როგორიცაა მაგალითად, ჭადრაკის დაფის დახატვა, დაფერვა და ა.შ. თბილისში ხდება და მომხმარებელს შეკვეთა თბილისიდანვე მიეწოდება.
რაც შეეხება ნედლეულს, გარკვეული ნედლეულის შესყიდვა ადგილობრივ ბაზარზე გვიწევს, ხოლო ხელ-მასალას, რიონის პირას გამორიყული ხეების სახით ვაგროვებთ“, - აცხადებს ბიგანაშვილი.
მისი ინფორმაციით, პროდუქციაზე მოთხოვნა ბოლო 2 წელია მზარდია, რაც ხისგან დამზადებულ აქსესუარებზე მოთხოვნის გაზრდილი გამოწვეული. პროდუქციის რეალიზაცია, ძირითადად ონლაინ ხდება, თუმცა ასევე აქტიურად იღებენ მონაწილეობას გამოფენა-გაყიდვებში, რომელიც მერიის მიერ ფინანსდება.
სამომავლოდ, კომპანია საკუთარი მაღაზიის გახსნას გეგმავს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მომხმარებლები ხშირად უარს ამბობენ შეკვეთის გაკეთებაზე, რადგან მათ ადგილზე მისვლა და საკუთარი თვალით ნახვა არ შეუძლიათ.
მაღაზიის განთავსება ქალაქის ცენტრში, კერძოდ რუსთაველის ტერიტორიაზე იგეგმება. ამ ეტაპზე ფინანსური საკითხების კალკულაცია მიმდინარეობს და საჭირო საინვესტიციო თანხები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.