მასწავლებელთა 2016 წლის ზაფხულის საგნობრივი გამოცდების შედეგები ცნობილია. როგორც გამოცდების და შეფასების ეროვნული ცენტრის მიერ „ბიზნესკონტაქტისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოცდებზე სულ 22,799 მასწავლებელი დარეგისტრირდა, გამოცდაზე კი გამოცხადდა 17 137, აქედან ზღვარი წარმატებით დაძლია 3464-მა მასწავლებელმა.
კერძოდ, VII-XII კლასის ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდაზე 836 მასწავლებელი გამოცხადდა, საიდანაც ზღვარი წარმატებით დაძლია 376-მა მასწავლებელმა. მათემატიკის გამოცდაზე VII-XII კლასის 971 მასწავლებელი გამოცხადდა, მათგან ზღვარი კი 383-მა დაძლია.
ინგლისური ენის გამოცდაზე I-XII კლასის 1278 პედაგოგი გამოცხადდა, ზღვარი კი დაძლია 471-მა, რუსული ენის გამოცდა 462-მა პედაგოგმა ჩააბარა, საიდანაც ზღვარი დაძლია 193-მა.
ისტორიის გამოცდაზე გამოცხადებული VII-XII კლასის 877 მასწავლებლიდან ზღვარი წარმატებით დაძლია 259-მა. გეოგრაფიის გამოცდაზე 602 მასწავლებელი გამოცხადდა, ზღვარი კი წარმატებით დაძლია 187-მა.
ფიზიკის გამოცდაზე 368 მასწავლებელი გამოცხადდა, მათგან ზღვარი კი მხოლოდ 21-მა დაძლია. 20-მა პედაგოგმა დაძლია ზღვარი ქიმიის გამოცდაზეც, რომელზეც სულ 372 მასწავლებელი გამოცხადდა. ბიოლოგიის გამოცდა 548 მასწავლებელმა გაიარა საიდანაც ზღვარი 210-მა დაძლია.
3024 დაწყებითი კლასების მასწავლებელებიდან (I-IV კლასი) ზღვარი დაძლია 31-მა. I-VI კლასების ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდაზე 1831 მასწავლებელი გამოცხადდა, საიდანაც ზღვარი გადალახა 67-მა. ამავე კლასების მათემატიკის საგნის გამოცდაზე 1671 მასწავლებელი გამოცხადდა, საიდანაც ზღვარი დაძლია 271-მა.
მუსიკის გამოცდაზე გამოცხადდა 920 მასწავლებელი, ზღვარი კი წარმატებით დაძლია 275-მა, სპორტის გამოცდაზე 747 მასწავლებელი გამოცხადდა, საიდანაც ზღვარი დაძლია 173-მა.

























