მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

PEGAS Touristik-ი საქართველოში ტურისტების მოზიდვას 23 ქვეყნიდან შეეცდება - სალომე ბერაია

სალომე ბერაია

თურქული ტუროპერატორი PEGAS Touristik-ი საქართველო შემომყვან ტურიზმში გააქტიურებას და ამ მიმართულებით ინვესტირებას გეგმავს.

ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ PEGAS Touristik Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა სალომე ბერაიამ ისაუბრა და აღნიშნა, რომ PEGAS Touristik-ი საქართველოში მოგზაურების მოზიდვას იმ 23 ქვეყნიდან შეეცდება, სადაც ამჟამად ტუროპერატორი მუშაობს.

მისივე თქმით, შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით 2024 წელი სასტარტო იყო და საქართველოს მიმართ ინტერესი მაღალია.

„PEGAS Touristik-ის ბიზნესგეგმა მოიცავს 5-წლიან ციკლს. პირველ რიგში, უნდა დაიგეგმოს ავიარეისები იმ ქვეყნებიდან, სადაც გვაქვს ოფისები და საქართველოსთან ახლოს არის - ეს შეიძლება იყოს ყაზახეთი, უზბეკეთი, ასევე აზერბაიჯანი და ა.შ. მთავარია, გარე ფაქტორებმა ხელი არ შეგვიშალოს. კომპანია გეგმავს, ტურისტებისთვის საქართველო გახდეს ისეთივე პოპულარული მიმართულება, როგორიც არის ეგვიპტე და თურქეთი და ამისთვის განიხილავენ მთელი ტურისტული ჯაჭვის აწყობას. რა თქმა უნდა, თავდაპირველად, ვგეგმავთ, უკვე არსებულ სასტუმროებთან თანამშრომლობას, შემდეგ იჯარით აღებას, ხოლო სამომავლოდ საკუთარ სასტუმროებში ინვესტირებას“, - ამბობს სალომე ბერაია.

რაც შეეხება საქართველოს კონკურენტულ უპირატესობას - „არ ვაპირებთ თურქეთს გავეჯიბროთ. საქართველო არაა რეზორტის ტიპის ქვეყანა“ - ამბობს PEGAS Touristik Georgia-ს გენერალური დირექტორი.

„საქართველო აღმოსაჩენი ქვეყანაა - გვაქვს ზღვა, მთა, ბარი, გასტრონომია, ღვინის ტურიზმი და ვეცდებით ჩვენი კონკურენტული უპირატესობები ძალიან კარგად შევფუთოთ. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებაც შევძლოთ. PEGAS Touristik-ი 30 წელია ბაზარზეა და ტურისტი, რომელიც მიმართავს PEGAS Touristik-ს, ელის მომსახურების იგივე ხარისხს, რაც მაგალითად, თურქეთში, ეგვიპტეში ან ტაილანდშია, სადაც ჩვენი ბრენდი ძალიან ძლიერია, ამიტომაც ვფრთხილობდი შემომყვანი ტურიზმის მიმართულების გააქტიურებას, რადგან გამონაკლისი ვერ ვიქნებით და ვერ ვეტყვით ჩვენს სტუმრებს, რომ იცით, საქართველოში ტურიზმის ინფრასტრუქტურა ჯერ მაღალ დონეზე არაა განვითარებული და თურქეთს ვერ შევეჯიბრებით-მეთქი“, - განაცხადა სალომე ბერაიამ.

"ტურიზმში მარკეტინგი არაა რეკლამა და ბილბორდი" - როგორია თურქეთის მთავრობის პოლიტიკა?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები