მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"პეის ჯგუფი": ფოთში ულტრათანამედროვე ღრმაწყლოვანი პორტი აშენდება

5c5817dca6ba3
თამუნა ქემერტელიძე
04.02.19 14:41
3394
„შეიქმნება მძლავრი საზღვაო ინფრასტრუქტურა, ულტრათანამედროვე ღრმაწყლოვანი პორტი“, - ამის შესახებ ინფორმაციას “პეის ჯგუფი” ავრცელებს, რომელიც ფოთის პორტში APM-Terminal-ის კუთვნილ 8 ნავმისადგომს უწევს ოპერირებას.

OPIC-ის მიერ გამოყოფლი 50 მილიონი აშშ დოლარი სწორედ ახალი ტერმინალის მშენებლობას მოხმარდება.

ამერიკის შეერთებული შტატების კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციასა (OPIC) და პეის ჯგუფს შორის 50-მილიონიანი ხელშეკრულების გაფორმებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ხელისუფლების სხვა წევრებიც ესწრებოდნენ.

„პეის ჯგუფის“ ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში 200 სამუშაო ადგილი შეიქმნება.

“ახალი ტერმინალი განთავსდება 25 ჰა მიწის ფართობზე; ნავმისადგომების ჯამური სიგრძე 650 მეტრია. ტერმინალის საერთო ტვირთგამტარიანობა - 2.5 მილიონი ტონა მშრალი ნაყარი, გენერალური ტვირთი და 100 ათასი TEU (კონტეინერები). აკვატორიის სიღრმე გაიზრდება 12 მეტრამდე, რის მეშვეობითაც ნავსადგური შეძლებს 50 ათას ტონამდე ტვირთამწეობის გემების მიღებას. შეიქმნება 200 სამუშაო ადგილი. ნავსადგურის ჩრდილოეთით ახალი ტალღმჭრელის აშენების შემთხვევაში კი, აკვატორიის სიღრმე გაიზრდება 15 მეტრამდე, რის შედეგადაც 60 ათასი ტონა ტვირთამწეობის გემების მიღება იქნება შესაძლებელი. პეის ტერმინალი ნაწილობრივ უკვე ფუნქციონირებს, რომლის საშუალებითაც, ჯერ კიდევ 2015-2017 წლებში ხორციელდებოდა ჩვენი რეგიონისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტის, “Shah Deniz 2” პროექტის ფარგლებში BP-ის მილების მიღება, განთავსება და დანიშნულების ადგილზე გაგზავნა. დღეისათვის ტერმინალზე უკვე წარმოებს სხვადასახვა სახის ტვირთებისა და საზღვაო კონტეინერების მიღება დამუშავება. მათ შორისაა თურქმენული მინერალური სასუქი – კარბამიდი, რომელიც, პეის ჯგუფის თურქმენეთის მთავრობასთან წარმატებული მოლაპარაკების შედეგად, რუსეთისა და ირანის მიმართულებიდან საქართველოს სატრანსპორტო დარეფანზე გადმომისამართდა 2016 წლიდან”, - აცხადებენ “პეის ჯგუფში.

მათივე თქმით, პეის ტერმინალის სიმძლავრეები შესაძლებელს გახდის განხორციელდეს შუა აზიის ქვეყნებში წარმოებული ქიმიური სასუქების ძირითადი მოცულობის ტრანზიტი.

“დაგეგმილი ინფრასტრუქტურული ღონისძიებების შედეგად, პეის ტერმინალზე დღეს არსებული ქიმიური სასუქების წლიური ტვირთგამტარიანობა 500 ათასი ტონიდან გაიზრდება 2 მილიონ ტონამდე”, - აცხადებენ “პეის ჯგუფში“.

გარდა მინერალური სასუქებისა, ტერმინალი მოემსახურება სხვადასხვა სახის მშრალ და ნაყარ ტვირთებს, ასევე - საზღვაო კონტეინერებს.

“შეიქმნება თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომლის საშუალებითაც ტერმინალი შეძლებს დაამუშაოს ისეთი სახის ტვირთები, რომელთა მიღებაც საქართველოს ნავსადგურებს ამ დრომდე არ შეუძლიათ. მაღალი სტანდარტების მქონე ინფრასტრუქტურის შექმნით, საქართველოში გაიზრდება საპორტო სიმძლავრეები და მოხდება გაცილებით მეტი სატრანზიტო ტვირთის მოზიდვა”, - აცხადებენ “პეის ჯგუფში“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები