პეკინის გამზირზე უძრავი ქონების ფასი შემცირდა, იქ განთავსებული მაღაზიების მფლობელები კი რეალიზაციის შემცირებას უჩივიან.
პეკინის გამზირზე კომერციული უძრავი ქონების იჯარის ფასი 2017 წელს წინა წელთან შედარებით 9%-ით, ხოლო ფართების ვაკანტურობა 7%-ით შემცირდა. სტატისტიკას COLLIERS INTERNATIONAL GEORGIA ავრცელებს.
"პეკინის გამზირი კვლავ რჩება თბილისში ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო ქუჩად, თუმცა, პეკინი ნაკლებად მომხიბვლელი გახდა მომხმარებლისთვის მას შემდეგ, რაც სავაჭრო ცენტრებში შოპინგისა და გართობის კულტურა ჩამოყალიბდა და მომხმარებელთა ნაკადმა იქ გადაინაცვლა. თბილისის სავაჭრო ცენტრები მომხმარებელს შოპინგის გარდა მრავალფეროვან გასართობ და საკვებ ობიექტებს სთავაზობს. პეკინზე ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შესაძენად მისულ მომხმარებელთა ნაკადზე ახალი სავაჭრო ცენტრის - გალერეას გახსნამაც იმოქმედა. რაც შეეხება ცალმხრივ მოძრაობას, პეკინზე მომხმარებელთა ვიზიტების რაოდენობა ამ მიზეზით არ შემცირებულა. ცალმხრივმა მოძრაობამ ზოგიერთი სავაჭრო ობიექტის ტრანსპორტიდან ხილვადობა საგრძნობლად შეამცირა”,- აცხადებს COLLIERS INTERNATIONAL GEORGIA-ს დირექტორი ირაკლი კილაურიძე.
პეკინის ქუჩაზე რეალიზაციის შემცირებას უჩივიან მაღაზიების მეპატრონეები.
"ქალთა ბედნიერებაში" ამბობენ, რომ პეკინის ფილიალი ამავე ბრენდის სხვა მაღაზიებს რეალიზაციით ყოველთვის უსწრებდა, ცალმხრივი მოძრაობის ამოქმედების შემდეგ კი სხვა ფილიალებს ნავაჭრით ბევრად ჩამორჩება.
"რეალიზაციას ძალიან დაეტყო მანქანების მოძრაობის წესების ცვლილება. სხვა უბნებში გაიზარდა ნავაჭრი, აქ კი უძრაობაა. მანამდე წინ მივდიოდით როგორც სხვა ფილიალებში, ახლა კი პეკინის მაღაზია დამუხრუჭდა. ყოველ წელს 25-30%-ანი მატება გვქონდა. ახლა სრული უძრაობაა. ფართის მეპატრონეს ფასის დაკლებაზე ვერც დაელაპარაკებით. თავად ტირიან და წუწუნებენ დოლარისა და ლარის კურსთა შორის სხვაობაზე. ველობილიკი ტყუილად გააკეთეს, არც ველოსიპედით დადის ვინმე და ვეღარც მანქანას აჩერებენ', - აცხადებენ "ქალთა ბედნიერებაში".
რეალიზაციის შემცირებაზე საუბრობენ მაღაზიებში "ბეატრისი" და "FIORELLA".
„მომხმარებელი ჩვენამდე ვერ მოდის. მანქანას ვერ აჩერებს და იძულებულია, გვერდი აგვიაროს. ჩვენი მომხმარებლების უმრავლესობა მანქანით მოძრაობს, ერთგული მომხმარებელიც კი გვიკავშირდება და წუხს, რომ მანქანას ვერ აჩერებს და ვერ მოდის. ვიგრძენით უარყოფითი გავლენა“, - ამბობენ მეწარმეები.

























