დღეს, 08:00 საათიდან 22:00 საათამდე სრულად ჩაიკეტება პეკინის ქუჩა - ანა კალანდაძის (ყოფილი ბულაჩაურის) ქუჩიდან ცინცაძის (ყოფილი საბურთალოს) ქუჩის კვეთამდე. თბილისის მერიის ცნობით, ჩაიკეტება ეზოებიდან გამოსასვლელებიც. ანა კალანდაძისა და ცინცაძის ქუჩებზე მოძრაობა არ შეიზღუდება.
5 სექტემბრის 22:00 საათიდან 6 სექტემბრის 08:00 საათამდე კი, ჩაიკეტება ცინცაძის ქუჩიდან მიროტაძის ქუჩის ჩათვლით მონაკვეთი და აღნიშნულ მონაკვეთზე მდებარე შიდა ეზოების შესასვლელები.
როგორც კერძო, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემდეგი სქემით იმოძრავებს: ვაჟა ფშაველას გამზირიდან ავტოტრანსპორტი ბექას ქუჩით ყაზბეგის გამზირზე მოძრავ ნაკადს შეუერთდება, შეუხვევს ჯერ გამრეკელის, ხოლო შემდეგ ცინცაძის ქუჩაზე, საიდანაც პეკინის ქუჩის გავლით მარჯვნივ - 26 მაისის მოედნისკენ განაგრძობს გადაადგილებას.
ასევე, 5 სექტემბრის 23:00 საათიდან 6 სექტემბრის დილის 07:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება ცინცაძე-პეკინი-ჭაბუკიანის ქუჩების გზაჯვარედინზე. აქედან გამომდინარე, პეკინის ქუჩიდან გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილებისას, ტრანსპორტი შეუხვევს ბახტრიონის ქუჩაზე, საიდანაც ამირეჯიბის გზატკეცილით გმირთა მოედანს დაუკავშირდება.

























