პენსია ერთგვარი ფინანსური უზრუნველყოფის სისტემაა, რომელიც მას შემდეგ იწყებს მოქმედებას, რაც მოქალაქე განსაზღვრულ ასაკს მიაღწევს. პენსიის უპირველესი მიზანი პენსიონერებისათვის სტაბილური და საიმედო შემოსავლის წყაროს უზრუნველყოფაა. გარანტირებული ანაზღაურების შეთავაზებით, ხანში შესულ მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ დაფარონ ისეთი ძირითადი ხარჯები, როგორებიცაა: საცხოვრებელი, ჯანდაცვა და ყოველდღიური საჭიროებები.
ვის შეუძლია სახელმწიფო პენსიის პროგრამით სარგებლობა?
საქართველოში პენსია ენიშნებათ როგორც ქვეყნის მოქალაქეებსა და სტატუსის მქონე პირებს, ისე ბოლო 10 წლის განმავლობაში კანონიერად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში გენდერული ნიშნით განსხვავებული ასაკობრივი ზღვარი მოქმედებს. იგულისხმება, რომ ქალების საპენსიო ასაკი განსაზღვრულია 60, ხოლო კაცების 65 წლით. ამგვარ დაყოფას თავისი ახსნა აქვს. მიიჩნევა, რომ კაცებისაგან განსხვავებით, ქალები უძრავ ქონებას თითქმის არ ფლობენ, რასაც, ერთი მხრივ, მათთვის მემკვიდრეობის არ არსებობა, მეორე მხრივ კი, არასაკმარისი შემოსავალი და წვრილ ბიზნესში საქმიანობა განაპირობებს. ამასთანავე, აღსანიშნავია ისიც, რომ გავრცელებული პრაქტიკის მიხედვით, საყოფაცხოვრებო გამოწვევების გამო, ქალები ხშირ შემთხვევაში უარს ამბობენ კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე. შედეგად, საპენსიო ასაკს მდედრობითი სქესის წარმომადგენლები ყოველგვარი ფინანსური დანაზოგისა და უზრუნველყოფის გარეშე ხვდებიან. სახელმწიფო პენსიის განაწილების ამგვარი სისტემა კი ერთგვარი მექანიზმია, რომელიც ამ უთანასწორობის აცილებას ისახავს მიზნად. უნდა აღინიშნოს, რომ საპენსიო ასაკებს შორის არსებული განსხვავება მოქალაქეთა უკმაყოფილებას იწვევს, რადგან კაცების მიმართ კანონი დისკრიმინაციულად მიიჩნევა. თუმცა, იმისათვის, რომ არსებული სხვაობა გათანაბრდეს, საჭიროა ეკონომიკურად აქტიური ქალების რიცხვის ზრდა და გენდერული ნიშნით გამოწვეული არათანაბარი ანაზღაურების პრობლემის აღმოიფხვრა.
პენსია საქართველოში 2024 - სახელმწიფო პენსიის ამჟამინდელი ოდენობა
საქართველოში სახელმწიფო პენსიის პროგრამა ქვეყნის ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელიც, რეფორმების მიუხედავად, არც თუ მნიშვნელოვანი ზრდით ხასიათდება. მაგალითად, 2004 წელს ყოველთვიური პენსია 14 ლარს შეადგენდა. 2011-ში თანხამ 100 ლარს მიაღწია და 2015 წლისათვის მხოლოდ 50 ლარით გაიზარდა. პენსია 2023 წლის 1 იანვრიდან 70 წლამდე პირთათვის 295, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკისათვის 365 ლარით განისაზღვრა. 2024 წელს 70 წლამდე პირთა პენსია გაიზრდება 315 ლარამდე, 70 წელს ზემოთ პირთა პენსია კი 415 ლარამდე.
ეტაპები, რომლებიც პენსიის მისაღებად უნდა გაიაროთ
როგორც წესი, სახელმწიფო პენსიის დანიშვნის შესახებ განცხადება სოციალური მომსახურების სააგენტოს წარედგინება. ამისათვის კი განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტია საჭირო.
იმ შემთხვევაში თუ განაცხადს კანონიერი წარმომადგენელი აკეთებს, მაშინ სააგენტოს უნდა წარედგინოს წარმომადგენლის პირადობისა და, ამასთანავე, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტები. გაითვალისწინეთ, რომ თუ კანონიერი წარმომადგენლობის დოკუმენტში მოცემულია პენსიის მომთხოვნი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მაშინ მისი პირადობის მოწმობა საჭირო აღარ არის.
რაც შეეხება, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებს, მათ დამატებით უნდა წარადგინონ დოკუმენტი თავიანთი სტატუსის დადგენის შესახებ. ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან უნდა გამოითხოვონ ცნობა, რომელიც 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე მათ კანონიერ ცხოვრებას ადასტურებს.
2018 წლის რეფორმა - დაგროვებითი საპენსიო სქემა
საქართველოში 2018 წელს რეფორმა განხორციელდა და პენსია დაგროვებითი ხასიათის გახდა. შედეგად, შეიქმნა საპენსიო სააგენტო, რომელიც თანხების შეგროვებასა და შემდგომ ადმინისტრირებას ისახავს მიზნად.
დაგროვებითი პენსია 2%+2%+2% სისტემას ეფუძნება. იგულისხმება, რომ დამსაქმებელი დასაქმებულის დაუბეგრავი ანაზღაურების 2% საპენსიო ფონდში რიცხავს. ამასთანავე, ხელფასის 2% ოდენობით შენატანს ახორციელებს ინდივიდუალურად მოქალაქეც, რომელსაც ემატება სახელმწიფოს მხრიდან დარიცხული მაქსიმუმ 2% სარგებელი.
სახელმწიფოს მიერ გაღებული სარგებლის ოდენობა ჯამური შემოსავლით განისაზღვრება. მაგალითად, თუ თქვენი წლიური შემოსავალი 24 000 ლარს არ აღემატება, მაშინ 2% მიიღებთ. მაშინ, როცა ანაზღაურება 24 000-დან 60 000 ლარამდე მერყეობს, სახელმწიფოს წილი 1% შეადგენს. ხოლო მათ ვისაც 60 000 და მეტი ლარის ოდენობის წლიური შემოსავალი აქვს სარგებელი არ ერიცხება.
აღსანიშნავია, რომ თვითდასაქმებულთა შემთხვევაში დაგროვებითი პენსიის განსხვავებული, 4%+2% პრინციპი მოქმედებს. ასეთ დროს სქემა გადანაწილებულია, როგორც თვითდასაქმებულზე, ისე სახელმწიფოზე. თქვენი, როგორც საკუთარი თავის დამსაქმებლის წილი იქნება 2%+2%, ხოლო სახელმწიფოს მიერ დარიცხული სარგებელი 2% შეადგენს.
როგორ ნაწილდება დაგროვებითი პენსია პორტფელებში?
რეფორმისა და განახლებული კანონის შედეგად დაგროვებითი პენსია სამი კატეგორიის პორტფელში ნაწილდება, ესენია: მზარდი (მაღალრისკიანი), შერეული (საშუალორისკიანი) და სტაბილური (დაბალრისკიანი).
მზარდი ანუ მაღალრისკიანი პორტფელის არჩევის შემთხვევაში დაგროვილი პენსიის დიდი ნაწილი, დაახლოებით 60% უცხოური კომპანიების აქციებში დაბანდდება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აქციები მერყეობით ხასიათდება, ცხადია, რომ მას თან ახლავს უფრო მაღალი რისკი, რაც, ერთი მხრივ, შესაძლოა მომგებიანი აღმოჩნდეს თქვენი დანაზოგისთვის, მეორე მხრივ კი, პირიქით. აღსანიშნავია, რომ 40 წლამდე მოქალაქეთა საპენსიო აქტივები მაღალრისკიან პორტფელში განაწილდა.
შეიძლება ითქვას, რომ შერეული იგივე საშუალორისკიანი დაბალ და მაღალრისკიანი პორტფელების კომბინაციაა. საპენსიო დანაზოგის ამგვარი განაწილება შედარებით დაბალანსებულია, რადგან უცხოურ აქციებში ინვესტირების წილი მაღალრისკიანთან შედარებით დაბალია და ის 35% შეადგენს. შერეულ პორტფელში კი განაწილდა 40-დან 50 წლამდე მოქალაქეთა აქტივები.
რაც შეეხება პენსიის განაწილების დაბალრისკიან ანუ სტაბილურ სქემას, ამ შემთხვევაში მოქალაქეთა თანხები საბანკო ანაბრებსა თუ ობლიგაციებში ნაწილდება და მხოლოდ 20% ინვესტირება ხდება უცხოურ აქციებში, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს პორტფელი სტაბილურობით ხასიათდება. დაბალრისკიანი სქემა მოიცავს 50 და მეტი წლის მოქალაქეთა დანაზოგებს.
დაბოლოს, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საინვესტიციო საქმიანობის განხორციელება ეყრდნობა იმგვარ წესებსა და პირობებს, რომ საპენსიო აქტივების არაკეთილსინდისიერად გამოყენება მინიმუმამდეა დაყვანილი.
გაიგეთ ბიზნეს ამბები უწყვეტ რეჟიმში BMG-ისთან ერთად.
სტატიის ავტორია: სალომე სუხიტაშვილი