მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გადაწყვეტილებები საჯაროდ ხელმისაწვდომი ხდება

591ac6496e834
BM.GE
16.05.17 13:27
887
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი ინსპექტორის გადაწყვეტილებების გამოქვეყნებას იწყებს. მოქალაქეთა განცხადებების განხილვისა და ინსპექტირებების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები ვებსაიტის მთავარ გვერდზე იქნება ხელმისაწვდომი.

გადაწყვეტილებების გამოქვეყნების მთავარი მიზანი პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება, მონაცემთა დამუშავების ერთიანი სტანდარტის დამკვიდრება, კანონის არაჯეროვანი ინტერპრეტაციისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციაა. რეესტრში განთავსდება ინსპექტორის ის გადაწყვეტილებები, რომელთა გამოქვეყნება ამ მიზნების მიღწევას შეუწყობს ხელს.

გადაწყვეტილებების მოძიება ვებგვერდის ნებისმიერ სტუმარს სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით შეუძლია. მათ შორისაა მონაცემთა დამმუშავებელი, დავის საგანი, თარიღი, გატარებული ღონისძიება და სხვა.

გადაწყვეტილებები გასაჯაროვებულია მოქალაქეთა და კერძო სამართლის იურიდიული პირების იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით. შეცვლილია დოკუმენტებში მითითებული ინიციალებიც.

ინსპექტორის გადაწყვეტილებები რეესტრში ეტაპობრივად განთავსდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები