ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს მუნიციპალიტეტების მიერ გამოგზავნილ შეტყობინებებთან დაკავშირებით არაერთმა მოქალაქემ მიმართა. როგორც უწყებაში „ბიზნესკონტრაქტს“ განუმარტეს, მოქალაქეები აცხადებენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების სახელით იღებენ სატელეფონო შეტყობინებებს წყლის სისტემის მოწყობის პროექტის დასრულების, ბაღების/სკოლების რეკონსტრუქციის და სხვა ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების შესახებ.
„შეტყობინებებს თან ახლავს უარის თქმის (SMS off) მექანიზმი, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია, მოითხოვოს მსგავსი ტიპის შეტყობინებების შეწყვეტა, თუმცა მოქალაქეებს უჩნდებათ შეკითხვა, თუ როგორ მოხდა მათი საკონტაქტო ინფორმაციის მოპოვება“, - განმარტავენ უწყებაში.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა ამ საკითხის შესწავლა უკვე დაიწყო. გამოთხოვილია დამატებითი ინფორმაცია შეტყობინებების გამომგზავნი ორგანიზაციებისგან, იმისთვის რომ დადგინდეს მონაცემთა მოპოვების წყარო და მოპოვებული მონაცემების მოცულობა, განხორციელებული ქმედების კანონთან შესაბამისობა.

























