Yandex Go გაასაჩივრებს საქართველოს პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურის მიერ დაკისრებულ 4,000 ლარის ჯარიმას, - ამის შესახებ საქართველოში კომპანიის წარმომადგენლობის, "რაიდტექ ჯორჯიას" მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხმარებელთა მონაცემები ევროკავშირში მდებარე სერვერებზე ინახება, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გუშინ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ მათ მოახდინეს Yandex Go-ზე დაკვირვება, საიდანაც დგინდება რომ აპლიკაციამ მოახდინა დაკავშირება რუსეთში მდებარე სერვერებთან, სადაც მომხმარებელთა IP მისამართების გაგზავნა მოხდა.
„ჩვენ საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით ვმუშაობთ. ჩვენი სერვისების მომხმარებლების უფლებები ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენს.
ჩვენ პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს ვიცავთ. მონაცემების შესანახად ვიყენებთ ევროკავშირში მდებარე სანდო სერვერებს - იმ იურისდიქციაში, რომელიც, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიხედვით, Yandex Go-ს მომხმარებლის მონაცემების ადეკვატურ დაცვას უზრუნველყოფს.
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ შესულა, ჩვენ მას არ ვეთანხმებით და უახლოეს დროში გავასაჩივრებთ. Yandex Go-ს სერვისი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს,“- განცხადებას ავრცელებს Ridetech Georgia LLC წარმომადგენლობა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმაციით, რაიდტექ ჯორჯიან მათ მომხმარებელთა პირადი მონაცემების რუსეთში დამუშავების ნებართვის მიღებისთვის მიმართა, თუმცა კომპანიას აღნიშნულზე უარი ეთქვა, რადგანაც სამსახურის შეფასებით რუსეთში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესაბამისი სტანდარტები არ არსებობს.
"შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ იმგვარად აქვს ორგანიზებული აპლიკაციის საშუალებით, საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების/მონაცემთა სუბიექტების (მგზავრების/მძღოლების) პერსონალური მონაცემების დამუშავების ტექნიკური პროცესი, რომ მისი გამართულად ფუნქციონირებისას რუსეთის ფედერაციაში მდებარე სერვერებთან ქსელური კავშირის დამყარების დროს სერვერებისათვის ცნობილი ხდება აპლიკაციის მოწყობილობის გლობალური ქსელური მისამართი/„IP Address“-ი, შესაბამისად, სახეზეა ქსელური მისამართის/„IP Address“-ის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის (ხელმისაწვდომობის) ფაქტი.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ შემოწმების დაწყებამდე შპს „რაიდტექ ჯორჯიამ“ განცხადებით მომართა სამსახურს და მოითხოვა საქართველოს ტერიტორიაზე დამუშავებული პერსონალური მონაცემების რუსეთის ფედერაციაში გადაცემის თაობაზე ნებართვის გაცემა. სამსახურმა მითითებული წარმოების ფარგლებში შეისწავლა აღნიშნული კომპანიის მიერ სხვა სახელმწიფოსთვის (რუსეთის ფედერაციისათვის) პერსონალურ მონაცემთა გადაცემასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა საერთაშორისო გადაცემის მთავარ პირობად განსაზღვრული - მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის სათანადო გარანტიების უზრუნველყოფის შესაძლებლობა და მიიჩნია, რომ რუსეთის ფედერაციაში არ არსებობდა მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის სათანადო გარანტიების, მათ შორის, მონაცემთა უსაფრთხოების პრინციპის დაცვის რეალური მოლოდინი. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, სამსახურის უფროსის ბრძანებით უარი ეთქვა შპს „რაიდტექ ჯორჯიას“რუსეთის ფედერაციაში პერსონალურ მონაცემთა გადაცემასთან დაკავშირებით ნებართვის გაცემაზე,"- ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.