საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი პერტაია მიიჩნევს, რომ რუსული ავიასანქციების შედეგად, ქართული ტურიზმის სექტორი უფრო დივერსიფიცირებული გახდება.
ამასთან, იგი პალატის ფარგლებში ტურიზმის დარგთან დაკავშირებით ღონისძიებებს გეგმავს.
"რაც შეეხება იმას, რაც ახლა ხდება რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით, გრძელვადიან ჭრილში ასეთი ტიპის შეზღუდვები ქვეყნისთვის ცუდი არ ყოფილა. ჩვენ ეს გამოგვივლია. ასევე, ვფიქრობ, რომ კონკურენცია გაიზრდება, სხვა ბაზრებზე მუშაობას დაიწყებენ.
ქართველი ბიზნესმენები, აზრი არ აქვს, მსხვილი იქნება, თუ - მცირე, ძალიან ჭკვიანი ბიზნესმენები არიან და განსაკუთებით ჭკვიანები ხდებიან მაშინ, როცა უჭირთ და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ისინი დივერსიფიცირებას შეძლებენ.
როგორც ვიცი, მთავრობა სერიოზული ნაბიჯების გადადგმას აპირებს. ვიცი, რომ ისინი ახლა ესაუბრებიან ამ სექტორში მომუშავე ბიზნესმენებს და ვფიქრობ, რომ ამ ნაწილში, მოკლე ვადაში გარკვეული პრობლემები იქნება, გრძელ ვადაში კი - არა", - განაცხადა პერტაიამ და დასძინა, რომ რაც უფრო მალე მოხდება ასეთი პოლიტიკური რისკის მქონე ბაზრების ჩანაცვლება, მით უფრო კარგი იქნება“.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 8 ივლისიდან, რუსული ავიაკომპანიები - საქართველოში, ქართული კომპანიები კი რუსეთში ფრენებს ვეღარ განახორციელებენ.

























