მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პესკოვის თქმით, რუსეთი საქართველოსთვის 253 მლნ ევროს კომპენსაციის გადახდას არ აპირებს

პესკოვი

კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას და საქართველოსთვის 253 მლნ ევროს გადახდას რუსეთი არ აპირებს.

"ჩვენ არ აღვასრულებთ ამ გადაწყვეტილებას", - განაცხადა მან. ჟურნალისტის კითხვაზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება საქართველოსთან ურთიერთობის დათბობას თუ შეუწყობდა ხელს, პესკოვი პასუხობს, რომ "ეს ცალკე საკითხია".

14 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV) განგრძობადი ოკუპაციის კომპენსაციის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ რუსეთის ფედერაციას საქართველოს დაზარალებული 29 000-ზე მეტი მოქალაქის სასარგებლოდ 253 018 000 ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 9 აპრილს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთს დაეკისრა სრული პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავების, თავდასხმების, მკვლელობებისა და ამგვარი ფაქტებისადმი ოფიციალური შემწყნარებლობის პრაქტიკისათვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ე.წ. ბორდერიზაციის ფონზე მიმდინარეობს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მართალია რუსეთი აღარ არის ევროპის საბჭოს წევრი, მას მაინც რჩება გადაწყვეტილებების აღსრულების სამართლებრივი ვალდებულება და ყველა გადაცილებულ დღეზე შესაბამისი ჯარიმა ეკისრება.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის ბექა ძამაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულებაზე პასუხისმგებლობა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს ეკისრება და საქართველო აქტიურად არის ჩართული კომიტეტის საქმიანობაში იმისთვის, რომ საქართველოზე მიღებული გადაწყვეტილებები აღსრულდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები