მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Pfizer-ი ჩინეთის ხელისუფლებას ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში დაეხმარება

64214e27c6c7e
გიორგი არონია
27.03.23 13:11
557

ამერიკული ფარმაკოლოგიური გიგანტი, Pfizer-ი, რომელმაც ფართო საზოგადოებაში სახელი პანდემიის დროს გაითქვა, ჩინეთის ხელისუფლებას ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში დაეხმარება, - ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ალბერტ ბურლამ CNBC-სთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, პარტნიორობა ჩინეთის სამთავრობო პროექტის, “ჯანმრთელი ჩინეთი 2030”-ის ფარგლებში განხორციელდება და შესაბამისი ურთიერთგაგების მემორანდუმი მხარეებმა უკვე გააფორმეს.

სახელმწიფო პროგრამა “ჯანმრთელი ჩინეთი 2030” ქვეყნის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2016 წელს წამოიწყო და მის მთავარ მიზანს საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სამედიცინო ინდუსტრიის, საკვებისა და მედიკამენტების უსაფრთხოების გაზრდა წარმოადგენს. ექსპერტების მოსაზრებით, ჩინეთში ასეთი პროგრამის აუცილებლობას პანდემიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

როგორც Pfizer-სა და ჩინეთის ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის შეთანხმებიდან ვიგებთ, პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებით გაუმჯობესდება სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობა. “ჩვენს ინოვაციურ პროდუქტზე ჩინეთის თითოეულ მოქალაქეს ერთნაირი წვდომა ექნება”, - განაცხადა Pfizer-ის ჩინური შვილობილი კომპანიის პრეზიდენტმა, ჟან-კრისტოფ პონტომ. მისივე თქმით, ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ადამიანების ონკოლოგიისა და იმუნოლოგიის საკითხებში გადასამზადებლად კომპანიას 600-მდე თანამშრომელი ჰყავს მობილიზებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები