ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა განაცხადა, რომ ლაიმის დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინის კანდიდატისთვის მარეგულირებლის თანხმობის მიღებას შეეცდება, მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატმა კლინიკური კვლევის ბოლო ეტაპზე დადგენილ მიზანს ვერ მიაღწია.
Pfizer-ის განმარტებით, ვაქცინამ კვლევის სტატისტიკური მიზანი იმიტომ ვერ შეასრულა, რომ მონაწილეთა შორის ლაიმის დაავადებით ინფიცირების არასაკმარისი რაოდენობა დაფიქსირდა, რაც შედეგების სარწმუნოობას ამცირებს. თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ პლაცებოს ჯგუფთან შედარებით, ვაქცინირებულებში ინფიცირების მაჩვენებელი 70%-ზე მეტით შემცირდა. Pfizer-ი მიიჩნევს, რომ ეს ეფექტიანობა მარეგულირებლისთვის წარსადგენად საკმარისად დამაჯერებელია.
"კვლევა VALOR-ში ნაჩვენები 70%-ზე მაღალი ეფექტიანობა დამაიმედებელია და გვიქმნის რწმენას ვაქცინის პოტენციალში, დაიცვას ადამიანები ამ დამამძიმებელი დაავადებისგან", - აღნიშნა Pfizer-ის ვაქცინების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანალიზა ანდერსონმა.
მოსალოდნელი არ არის, რომ ლაიმის დაავადების ვაქცინა Pfizer-ისთვის ბესტსელერად იქცევა. კომპანიის პარტნიორი, Valneva წლიურ პიკურ გაყიდვებს 1 მილიარდ დოლარად აფასებს. თავად Pfizer-ი კი მიმდინარე წელს დაახლოებით 60 მილიარდი დოლარის საერთო შემოსავალს ელის, საიდანაც 5 მილიარდზე მეტი კოვიდ-19-ის ვაქცინაზე მოდის.
მიუხედავად ამისა, Pfizer-ი ლაიმის ვაქცინის შედეგებს წლის ერთ-ერთ მთავარ კატალიზატორად ასახელებდა, რადგან ეს იქნებოდა ბაზარზე დაავადების წინააღმდეგ ადამიანებისთვის განკუთვნილი ერთადერთი ვაქცინის შემოტანის შანსი.
იმ ვაქცინის დამტკიცების მცდელობა, რომელმაც ტექნიკურად კლინიკური კვლევა ვერ გაიარა - განსაკუთრებით ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, რომელიც ვაქცინების მიმართ უფრო მკაცრ ზედამხედველობას ქადაგებს - Pfizer-ისთვის შესაძლოა სარისკო აღმოჩნდეს.
ლაიმის დაავადება ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც ადამიანს ძირითადად ტკიპის კბენით გადაეცემა. მას შეუძლია გამოიწვიოს ართრიტი, კუნთების სისუსტე და ტკივილი. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) შეფასებით, აშშ-ში ყოველწლიურად ლაიმის დაავადების დიაგნოზს უსვამენ ან მკურნალობენ დაახლოებით ნახევარ მილიონ ადამიანს.
მიუხედავად დაავადების ფართოდ გავრცელებისა, ამჟამად ადამიანებისთვის განკუთვნილი ვაქცინა არ არსებობს. კომპანიამ, რომელიც მოგვიანებით GSK გახდა, 1998 წელს გამოუშვა ვაქცინა LYMErix, თუმცა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი შიშებისა და მოთხოვნის მკვეთრი ვარდნის გამო, რამდენიმე წელიწადში ბაზრიდან ამოიღო. ამ გამოცდილებამ ადამიანებისთვის ლაიმის ვაქცინების განვითარება შეაფერხა, თუმცა ძაღლებისთვის მას არაერთი კომპანია აწარმოებს.
კომპანიების ვაქცინა მიმართულია ლაიმის დაავადების გამომწვევი ბაქტერიის გარე ზედაპირის პროტეინ A-ს წინააღმდეგ. აცრილი ადამიანის ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულებს, რომლებიც ტკიპას გადაეცემა და ხელს უშლის ბაქტერიის ტკიპიდან ადამიანზე გადასვლას. ვაქცინაციის კურსი პირველ წელს სამ დოზას, ხოლო მომდევნო წელს ერთ გამაძლიერებელ (ბუსტერ) დოზას მოიცავს.
კომპანიების განცხადებით, კვლევის პროცესში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები არ გამოვლენილა.




























