მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Phubber-ი 2023 წლიდან აზერბაიჯანის ბაზარზე შედის - რომელია სტარტაპის სამიზნე ბაზრები?

63ac46a577e7a
ვიქტორია მღებრიშვილი
29.12.22 09:02
946
ქართული სტარტაპი Phubber-ი საქართველოსა და უკრაინის შემდეგ განვითარებას და ზრდას სხვა ქვეყნების ათვისებით აგრძელებს და 2023 წელს ონლაინ შოპინგის აპლიკაციის ჩაშვებას აზერბაიჯანში აანონსებს. ამის შესახებ BM.GE-ს Phubber-ის თანადამფუძნებელმა გიორგი ჩუგოშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, 2023 წელი Phubber-ისთვის ახალი ბაზრების პროაქტიური ათვისების პერიოდი იქნება, რისთვისაც მოსამზადებელი სამუშაოები გუნდმა 2022 წელს დაასრულა.

„2023 წლის თებერვლიდან აზერბაიჯანში Phubber Consignment-ის ფიზიკურ ლოკაციას გავხსნით, ხოლო მარტში უკვე აპლიკაციას ჩავუშვებთ. ბაზრის მოკვლევამ ცხადყო, რომ ინტერესი საშუალო და მაღალი პროდუქტის ონლაინ შოპინგის მიმართ დიდია, შესაბამისად პოზიტიური მოლოდინები გვაქვს.

აზერბაიჯანში ქვეყნის მენეჯერი, საოპერაციო მომხმარებელზე ზრუნვის გუნდი და მცირე მარკეტინგული ჯგუფი იმუშავებს, დანარჩენი ოპერაციები კი თბილისის სათავო ოფისიდან ცენტრალიზებულად იქნება მართული“, - ამბობს ჩუგოშვილი.

სტარტაპის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, რომ უცხო ქვეყნის ბაზრების ათვისებისთვის საჭირო ფინანსური რესურსი არსებული ინვესტორებიდან მოიზიდეს, დანარჩენი ინვესტიციის მოზიდვაზე კი ვენჩურულ ფონდებთან მუშაობენ.

„2023-2024 წლებში Phubber-ის, ქვეყნის საზღვრებს გარეთ განვითარების მიზნით 2 მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას ვგეგმავთ. აზერბაიჯანის შემთხვევაში ეს თანხა 400 000 დოლარს შეადგენს“, - აღნიშნავს სტარტაპის დამფუძნებელი.

გიორგი ჩუგოშვილის ინფორმაციით, აზერბაიჯანთან ერთად მენეჯმენტმა დამატებით ორ ბაზარზე შესვლის მოსამზადებელი სამუშაოებიც დაასრულა და საინვესტიციო რაუნდის დახურვასთან ერთად Phubber-ის აპლიკაცია უზბეკეთსა და ყაზახეთში ჩაეშვება.

„მომავალი წლიდან კიდევ ორი ქვეყნის ათვისება გვაქვს დაგეგმილი. ყაზახეთსა და უზბეკეთში პროცესები სრულად გამართული გვაქვს, ახლა ჩვენ ინვესტიციის რაუნდის დახურვაზე ვმუშაობთ და ამის შემდეგ აღნიშნულ ბაზრებზე მომხმარებლის მოსაზიდად აგრესიულ კომუნიკაციას დავიწყებთ“, - აღნიშნა Phubber-ის თანადამფუძნებელმა და დასძინა, რომ მომავალ წელს კომპანიის ბრუნვა მინიმუმ გაორმაგდება, თუმცა ფინანსურ მოდელში სამმაგი ზრდა აქვთ გაწერილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები