მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Phubber-ის კონკრეტულ ქვეყანაში გასვლა მარტივი და იაფი სიამოვნება არ არის - გიორგი ჩუგოშვილი

ფაბერი

ტანსაცმლისა და აქსესუარების ონლაინვაჭრობის პლატფორმა Phubber-ის თანადამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილის თქმით, სტარტაპის კონკრეტულ ქვეყანაში გასვლა მარტივი და იაფი სიამოვნება არ არის.

ქართული პლატფორმა, რომელიც დღეისთვის საქართველოში, უკრაინაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ოპერირებს, მომხმარებელს ძირითადად მეორეული ბრენდული სამოსის გადაყიდვას სთავაზობს, რა დროსაც ხარისხი და ავთენტიკურობაზე პასუხისმგებლობას სრულად თავის თავზე იღებს. Phubber ქართულ ბაზარზე 2019 წელს ჩაეშვა, მალევე უკრაინაში შევიდა, 2023 წლიდან კი სომხეთსა და აზერბაიჯანში დაიწყო ოპერირება.

“სომხეთსა და აზერბაიჯანში იანვრის მიწურულს სელერებს საქართველოზე მეტი გაყიდვები ჰქონდათ. ჩვენთვის ეს ძალიან სასიხარულო ამბავია და ნიშნავს, რომ ძალიან მოკლე პერიოდში ის კატალოგი, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანშია განთავსებული უკვე საინტერესო გახდა ადგილობრივი და ქართველი მომხმარებლისთვის” - ასე აფასებს გადაცემა #რედაქტ2-ში სტუმრობისას ახალი ბაზრების ექსპანსიის პირველ შედეგებს გიორგი ჩუგოშვილი და სტარტაპის შექმნის იდეას და ღირებულებას განმარტავს: “ჩვენი იდეაა, რომ Phubber-ზე განათავსო ნივთი და შემდეგ ის 5,6,7 თუ ათი ქვეყნის მომხმარებელს ჰქონდეს იმის საშუალება იყიდოს და არაფერზე ინერვიულოს, რადგან იცოდინება, რომ ჩვენ ამას შევამოწმებთ, შევფუთავთ და იმ ქვეყანაში ჩავუტანთ, საიდანაც შეუკვეთა, ხოლო გამყიდველმა არაფერზე ინერვიულოს, რადგან შუაში იქნება “ფაბერი”, რომელიც მომხმარებლის მიერ გადახდილ თანხას მის ანგარიშზე დასვამს - ეს არის ამოსავალი წერტილი, სინერგია სხვადასხვა ქვეყნებს შორის და ის დიდი კატალოგი, რომელიც ამ ქვეყნებში შეიქმნება, Phubber-ის მთელი ღირებულებაა”.

თუმცა სტარტაპის თანადამფუძნებელი იმ მიზნებსა და თავისებურებებზე საუბრობს, რომელიც საქართველოს საზღვრებს გარეთ პლატფორმის ექსპანსიას უკავშირდება.

“ახალ ბაზრებზე გასვლა მარტივი პროცესი არ არის. Phubber აბსოლუტურად ციფრული პროდუქტი არ არის. ჩვენ გადაყიდვის და სოციალური ქსელის მიქსი ვართ. გადაყიდვის პროცესში ისეთი სერვისები გვაქვს, როგორიც არის მიტანის სერვისი, ავთენტიფიკაცია, ხარისხის კონტროლი, შეფუთვა, გადახდების მონიტორინგი და პროცესინგი. კონკრეტულ ქვეყანაში შესვლა რთულია და ბევრი პროცესებია გასავლელი. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალ ქვეყანაში შესვლა სტანდარტულ პროცესებს მოიცავს, რომელიც ახლა უკვე გაწერილი გვაქვს და ფაქტობრივად ერთ თვეში 45 დღეში ახალი ქვეყნის გაშვება შეგვიძლია, რადგან ტექნოლოგია გადაწყობილი და პროცესები მთლიანად გაწერილი გვაქვს.

Phubber-ი ახალ ბაზარზე ერთი კლიენტისთვის არ შედის. ცოტა ხმაურიანად უნდა შევიდეთ, რომ მომხმარებელთა ბაზა შეიქმნას და ბევრი ნივთების განათავსოთ, რათა ქსელური ეფექტი გაჩნდეს და მეტ გამყიდველს მეტი მყიდველი მოჰყვეს და პირიქით. შედეგად აგორდეს თოვლის ბურთი. Phubber-ის კონკრეტულ ქვეყანაში გასვლა იაფი სიამოვნება არ არის. რამდენიმე ასეული ათასი დოლარის დახარჯვა აუცილებელია კომუნიკაციისთვის. ჩვენი მოთხოვნა კი ყოველთვის კონკრეტულ ბაზარზე 100 000-იანი ნიშნულის გადაჭარბებაა. იქიდან გამომდინარე, რომ Phubber-ის მხრიდან რეგისტრირებული მომხმარებლის მოზიდვის ხარჯი 2 დოლარია, ერთ ბაზარზე მხოლოდ მარკეტინგული მიმართულებით მინიმუმ 200 000 დოლარის ინვესტირება გვიწევს, რაც საოპერაციო მიმართულებას და სხვა ხარჯებს მოიცავს”, - განმარტავს გიორგი ჩუგოშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები