მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Piece of BBN რებრენდინგის პროცესშია და საქართველოში დაბრუნებას გეგმავს

BBN

ქალის თეთრეულის მწარმოებელი ქართული ბრენდი Piece of BBN რებრენდინგის პროცესშია და საქართველოში დაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის დამფუძნებელმა, ანა ლაცაბიძემ განაცხადა.

საქმე ისაა, რომ კომპანიამ ცოტა ხნის წინ ბიზნეს მოდელი შეცვალა და წარმოება თურქეთში გადაიტანა, საიდანაც პროდუქციის ექსპორტს ამერიკაში ახორციელებს.

მისი განმარტებით, საქართველოში წარმოება ძვირი ჯდებოდა, სწორედ ამიტომ კომპანიამ ლოკაციის შეცვლა გადაწყვიტეს.

„საქართველოში წარმოება ძვირი ჯდებოდა, ამიტომ ბიზნეს მოდელი შევცვალეთ და წარმოება თურქეთში გადავიტანეთ. შესაბამისად, იქიდან ხდება ნიუ-იორკში ექსპორტის განხორციელება. ვთანამშრომლობთ ისეთ კომპანიასთან, რომელიც მდგრად ქსოვილს აწარმოებს და არის ნატურალური. სამწუხაროდ, საქართველოში ნედლეულის შეძენა არის შეუძლებელი, რადგან სტანდარტები არ არსებობს. ვერავინ დაგიდასტურებს, რომ არის 100% ბამბა.

თუმცა ლოკაციის ცვლილებამ ბაზარს ჩამოგვაშორა. ფოკუსი სრულად ამერიკაზე გვქონდა. რადგან იქ უკვე სისტემურად დავალაგეთ, ახლა გვინდა, რომ საქართველოშიც განვვითარდეთ.

ამ ეტაპზე, რებრენდინგს ვახორციელებ და პაუზის შემდეგ თბილისში, სავარაუდოდ ვაკის, ვერაზე და საბურთალოზე მაღაზიის გახსნას ვგეგმავთ. ამასთან, Piece of BBN-ის ნაცვლად, მხოლოდ BBN ერქმევა და ლოგოზე ქართული ასოებით იყოს დატანილი. პროდუქციის ღირებულება იგივე დარჩება, თუმცა ხარისხი ბევრად გაუმჯობესებული იქნება“,-აცხადებს ლაცაბიძე.

აღსანიშნავია, რომ კომპანია ამერიკაში Etsy-სა და Ebay-ზე არიან წარმოდგენილი. ამასთან, მას შემდეგ, რაც ამერიკის საიტი დასრულდება, კომპანია Amazon-ზე შესვლას გეგმავს. Amazon-ზე კომპანიის საიტის მიბმა მოხდება და პროდუქცია ასე რეალიზდება.

ინფორმაციისთვის, Piece of BBN-ის პროდუქციის შექმნაში 10 ადამიანია ჩართული. პროდუქცია ნატურალური ნედლეულისგან იქმნება, რაც შეეხება ფასებს, ის სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებელზეა გათვლილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები